კუპრაშვილის თავდაპირველი გადაწყვეტილება სასამართლოს, მთავრობის და ანტიკორუფციული საბჭოს კოორდინაციით შეიქმნა - ლომჯარია
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების უკან, რომ TI-სა და "აირჩიე ევროპას" მოეხსნას გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.
როგორც "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, პრემიერ-მინისტრის მოწოდებამ და რაჟდენ კუპრაშვილის უწყების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, თუ ვინ ერევა ანტიკორუფციული ბიუროს კომპეტენციაში.
ამასთან, ნინო ლომჯარიამ პირდაპირ თქვა, რომ რაჟდენ კუპრაშვილის თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებს სცდებოდა, სასამართლოს, მთავრობისა და ანტიკორუფციული ბიუროს ერთობლივი კოორდინაციით იყო მიღებული.
ეს არის უკან დახევა. ჩვენ მივესალმეთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს იყო ცალსახად უკანონო და გაუგებარი გადაწყვეტილება, რომელიც შეიქმნა სასამართლოს, მთავრობის და ანტიკორუფციული საბჭოს ერთობლივი კოორდინაციით. თავად კობახიძის საჯარო განცხადება და მოწოდება იყო საჯარო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ერევა და ვინ უთითებს ანტიკორუფციულ ბიუროს, თუ როგორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასული იყო და იყო პოლიტიკური დევნა", - ამბობს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი დღეს, ორ ოქტომბერს მოუხსნა.
ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო.
ანტიკორუფციულის შეფის გადაწყვეტილებას წინ ირაკლი კობახიძის მიმართვა უძღოდა - პრემიერმა კუპრაშვილს ორგანიზაციისთვის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.