"ჩვენი პარტიის წევრზე დევნა, შევიწროება და იძულება გრძელდება" - მეზვრიშვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს

03.10.24 17:55
"ჩვენი პარტიის წევრზე დევნა, შევიწროება და იძულება გრძელდება" - მეზვრიშვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" საჯარო მოხელეებზე ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ივანიშვილის ხელისუფლებას ბრალს ადამიანების თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასა და მათ იძულებაში სდებს.

კერძოდ, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ სენაკის დირექტორს პოსტი დაატოვებინეს და მის ადგილას პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი გვასალიას მეუღლე დანიშნეს, ახლა რიგითი მასწავლებლის პოზიციაზე დარჩენილ შორენა შამათავას სკოლის დატოვებას აიძულებენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მიუხედავად დირექტორობის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გადაყენებისა, შორენა შამათავას წინააღმდეგ დევნა, შევიწროება და იძულება დღემდე არ წყდება.

ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერის პარტია მომავალში გამოძიების დაწყების მოთხოვნით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიმართავს.

ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ღირსეულ წარმომადგენელს, რომელიც აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სენაკის დირექტორობიდან, დღეს მის მიმართ გაგრძელდა დევნა, შევიწროება და იძულება, რათა მან დატოვოს რიგითი მასწავლებლის პოზიცია. მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ გაათავისუფლეს აგვისტოს ბოლოს დირექტორობიდან, რომ ეს ადამიანი ნახეს გიორგი გახარიასთან ერთად. მის ადგილზე დანიშნეს პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი გვასალიას მეუღლე, ნანა ჯგერენაია. სკოლა არის რეალურად დაკომპლექტებული "ოცნების" პარტიული აქტივით. ჩვენ ვაპირებთ, რომ შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს მივმართოთ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება ირაკლი კობახიძეს, რომელიც საზოგადოებას ატყუებს და პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის თავმჯდომარეს", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

წინასაარჩევნო ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით - “ქართულ ოცნებას“ სკოლის დირექტორების რეპრესიებში ადანაშაულებენ.  სენაკის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ თანამდებობიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუშვეს, მის ნაცვლად კი, პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი გვასალიას მეუღლე, ნანა ჯგერენაია დაინიშნა.  

ფსიქოლოგიური ტერორისა და  ზეწოლის გამო სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო სენაკის სკოლის პედაგოგმა, თამარ ყალიჩავამ, ასევე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა ჭიათურის მეშვიდე სკოლის დირექტორიც.

მსგავსი სიახლეები