ასეთი მკაცრი საერთაშორისო განცხადება, არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვინახავს - ანა დოლიძე ევროსაბჭოს განცხადებაზე

03.10.24 22:19
ასეთი მკაცრი საერთაშორისო განცხადება, არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვინახავს - ანა დოლიძე ევროსაბჭოს განცხადებაზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმძიმეს განცხადებას კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე უმკაცრეს გაფრთხილებად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ასეთი კრიტიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში, არ ყოფილა.

როგორც დოლიძემ “რეაქციაში“ განაცხადა, ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება საქართველოში, მიდის საერთაშორისო საზოგადოებამდე და სწორედ ამის შედეგია, ასეთი “უმკაცრესი გაფრთხილებაც“.

ჩვენ არ შეიძლება გაგვიხარდეს ჩვენი ხელისუფლების ასეთი კრიტიკა, მაგრამ, ცალსახაა, რომ ბოლო დეკადების განმავლობაში, ასეთი მკაცრი საერთაშორისო განცხადება, არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვინახავს. აქ ბევრი რამე ჩანს, ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, აქ რა ხდება, ბევრი სადამკვირვებლო მისიაა ადგილზე, ადგილობრივიც და საერთაშორისოც. ეს სიტუაცია, რაც ხდება,განსაკუთრებით, რეგიონებში: მოსყიდვა, დაშინება, სამსახურში გაფორმება - 300 ლარიანი ხელფასის შესაბამისად, სიებით სირბილი, ეს ყველა ინფორმაცია მიდის და, რაც მთავარია, ეს არის უმკაცრესი გაფრთხილება.

აქ, ხელისუფლების დანდობა არ იქნება, პირდაპირ არის გაფრთხილება, რომ სტანდარტები არჩევნების ჩატარებისთვის მაღალია და ეს სტანდარტები "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაიცვას და არავითარი კომპრომისი, არჩევნების აღიარებასთან დაკავშირებით, არ იქნება“, - განაცხადა დოლიძემ.

"ოცნება არჩევნების მისატაცებლად ემზადება" - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უმძიმეს განცხადებას აქვეყნებს. ევროსაბჭოს დამკვირვებლები პირდაპირ ამბობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის,  ხელისუფლება კი ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთ ვითარებაში, არჩევნების შედეგებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება.