"ოცნება" ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აშანტაჟებდა - გახარია

04.10.24 21:31
"ოცნება" ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აშანტაჟებდა - გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს სტრატეგიული პარტნიორების დაშანტაჟებაში ადანაშაულებს - როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი კომპანია "Credit Suisse"-სთან პირად საქმეს არ დაალაგებდა და ამაში ხელს დასავლეთი არ შეუწყობდა, მაშინ საქართველო ურთიერთობას რუსეთთან გააღრმავებდა. 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყნის ინტერესები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა დამოკიდებული, რასაც გახარიას განმარტებით, თავად "ოცნების" დამფუძნებელიც კი არ უარყოფს.

მინდა გაგახსენოთ პერიოდი, როდესაც "კრედით სუის-ზე" საუბარი დაიწყო. პირველი, რაც გააკეთა ივანიშვილმა, გამოიყვანა მთელი მთავრობა, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, მინისტრები. ყველანი დააყენა და ალაპარაკა მისს, კონკრეტული ფიზიკური პირის პირად სასამართლო ქეისზე. გამოვიდნენ და ახსნეს, რომ ეს კაცი იმდენს ხარჯავს საქართველოში, რომ მისი დასანქცირება ქვეყნის დასანქცირებას ნიშნავსო. ამის შემდეგ, ჩვენი მთელი დასავლური ორიენტაცია დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ და საბოლოო ჯამში, აშანტაჟებდნენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს იმით, რომ თქვენ თუ ამას არ იზამთ, ჩვენ რუსეთისკენ გავიხედებით. თავადაც არ უარყოფს, რომ ქვეყნის ინტერესი ივანიშვილის ფინანსურ ინტერესზე დგას. მისი მამოძრავებელი ძალა არის ფული და პირადი უსაფრთხოების საკითხები. დღეს კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებოდა, რომ მისი უსაფრთხოების გარანტი შესაძლოა, იყოს ხელისუფლებაში დარჩენა", - ამბობს გიორგი გახარია. 

ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - ბიძინა ივანიშვილს მისივე მილიონების განკარგვის უფლება არ მიეცა

მიზეზად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის "არასანდო რეპუტაცია" დასახელდა. 

2024 წლის 29 თებერვალს, ბერმუდის სასამართლოში გამართული მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილი მოიხსენიეს, როგორც სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი პირი. ხაზი გაესვა მის ქართულ სასამართლო სისტემაზე გადაჭარბებულ გავლენებსაც.