მედია: სანქცირებული „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას
სანქცირებული „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს გამოცემულ ვახტანგ გომელაურის 30 სექტემბრის ბრძანებულებას ეყრდნობა.
ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, - სხვადასხვა რეგიონში, - შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან „სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე“.
შსს განმარტავს, რომ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ამ ჯგუფებს დაევალათ „სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება“ და „საჭიროებისამებრ … პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება“.
ჯგუფები იქმნება:
- აჭარის
- ქვემო ქართლის
- შიდა ქართლის
- მცხეთა-მთიანეთის
- კახეთის
- სამცხე-ჯავახეთის
- იმერეთის
- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
- გურიის
- სამეგრელო-ზემო სვანეთისა და
- თბილისის პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე
ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, როგორ კომპლექტდება ტერიტორიული ჯგუფები.
სწორედ აქ წერია, რომ ჯგუფის შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, იგივე სპეცრაზმის) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი“.
ტერიტორიულ ჯგუფებს რეგიონებში დააკომპლექტებს ხუთ-ხუთი (ან საჭიროების შემთხვევაში ექვსი) ადამიანი. და ყოველ ხუთწევრიან ჯგუფში ერთი ადამიანი ხარაზიშვილის მიერ შერჩეული იქნება.