"ქართული ოცნების" ჯალათი - ლევან სანიკიძე "ხარებაზე
ის "ქართული ოცნების" ჯალათია - ასე ეხმიანება "ერთიანობა - ნაციონალური" მოძრაობის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.
"ეს არის "ქართული ოცნების" ჯალათი, რომელიც მუდმივად ახდენს ადამიანის უფლებების ნიველირებას, ქვეყნის კონსტიტუციის და კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, პოლიტიკური ნიშნით დევნის ადამიანებს", - ამბობს ლევან სანიკიძე.
სანქცირებული „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს გამოცემულ ვახტანგ გომელაურის 30 სექტემბრის ბრძანებულებას ეყრდნობა.
ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, როგორ კომპლექტდება ტერიტორიული ჯგუფები.
სწორედ აქ წერია, რომ ჯგუფის შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, იგივე სპეცრაზმის) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი“.
ტერიტორიულ ჯგუფებს რეგიონებში დააკომპლექტებს ხუთ-ხუთი (ან საჭიროების შემთხვევაში ექვსი) ადამიანი. და ყოველ ხუთწევრიან ჯგუფში ერთი ადამიანი ხარაზიშვილის მიერ შერჩეული იქნება.