მედიაკოალიცია: ოცნება ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას საარჩევნო მიზნებისთვის
მედია ადვოკატების კოალიცია განცხადებას ავრცელებს - განცხადების ავტორები პირდაპირ წერენ, რომ დამოუკიდებელი მედია საშუალებების - ტვ პირველის, მთავარი არხის და ტელეკომპანია ფორმულას მიმართ ოცნების პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.
"ქართული ოცნების პროპაგანდა, რომელიც უკრაინელი ხალხის ღირსების შემლახველია, მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა. მძიმე ჯარიმების საფრთხე არის საგანგაშო ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება მედია საშუალებების იძულების მიზნით, დაემორჩილონ და გაავრცელონ ნარატივი, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა ასახავს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას. კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს", - წერია განცხადებაში.
"ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერების სკანდალი - "ტვ-პირველი" "მთავარი არხი" და "ფორმულა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ტელევიზიები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მიუხედავად ხელისუფლებისგან დაკისრებული ჯარიმებისა, რაც კრიტიკული არხებისთვის მძიმეა, მაინც არ აპირებენ, სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებას.
"არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას" - წერია ერთობლივ განცხადებაში.