"ტვ-პირველის", "მთავარი არხის" და "ფორმულას" ერთობლივი განცხადება

05.10.24 12:58
"ტვ-პირველის", "მთავარი არხის" და "ფორმულას" ერთობლივი განცხადება

"ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერების სკანდალი - "ტვ-პირველი" "მთავარი არხი" და "ფორმულა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ტელევიზიები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მიუხედავად ხელისუფლებისგან დაკისრებული ჯარიმებისა, რაც კრიტიკული არხებისთვის მძიმეა, მაინც არ აპირებენ, სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებას.

"არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას" - წერია ერთობლივ განცხადებაში. 

თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელევიზიები ახლა საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მოუწოდებენ, "ქართული ოცნების" ქმედებაზე სათანადო რეაქცია დააფიქსირონ.

"ქართული ოცნება" აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.

ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე - ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც არხებისთვის ლიცენზიის შეჩერების მუქარამდეც მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ სათანადო რეაქცია "ქართული ოცნების" ქმედებაზე და მხარში დაგვიდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც ცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს," - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, "ოცნების" საარჩევნო ბანერები თბილისში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა - მმართველმა გუნდმა პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები გამოიყენა.  

"ოცნების" ბანერებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, "სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი" უწოდა.