რუსეთის მიზანია, აჩვენოს ქართველებს, რომ აფხაზებთან და ოსებთან "ურთიერთობების ნორმალიზება" მხოლოდ მოსკოვის პირობებით არის შესაძლებელი - იალოვეცი
რუსეთის მიზანია, აჩვენონ ქართველებს, რომ აფხაზებთან და ოსებთან "ურთიერთობების ნორმალიზება" მხოლოდ მოსკოვის პირობებით არის შესაძლებელი და არა დასავლეთისკენ სწრაფვით. ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი საუბრობს. დიპლომატის თქმით, რუსეთი ყოველთვის ელოდება მომენტს, საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი მტავრობა მოსულიყო, რომელიც მათი მორჩილი იქნებოდა.
მე აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, საქართველოს და რუსეთს წლებია ვაკვირდები და სააკაშვილამდეც და 2008 წლის ომამდეც რუსები იყენებდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს როგორც ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობაში ბალანსი დაერღვიათ, დაბნეულობა შეეტანათ, ერთიანობის იდეის, დასავლეთისკენ მოძრაობის იდეის პრევენცია მოეხდინათ. მაშინ რუსეთი სამხედრო კუთხით არც ისე ძლიერი იყო და ის ამ ორ ადგილს საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტად იყენებდა. წლების წინაც და ახლაც ისეთი განცდა მაქვს, რომ რუსების მიზანია, აჩვენონ ქართველებს, რომ ერთადერთი გზა, როგორც ისინი ამ ტერიტორიების დაბრუნებას ან მათთან ურთიერთობის ნორმალიზებას შეძლებენ, მხოლოდ რუსეთის პირობებით მოხდება და არა დასავლეთისკენ მოძრაობით. ვფიქრობ, რასაც რუსეთი, როგორც ჭადრაკის სტრატეგიული მოთამაშეები ელოდნენ, იყო მთავრობა, რომელიც საქართველოში ძალაუფლებაში მოვიდოდა და იქნებოდა მათი მხრიდან ასეთი ტიპის ოვერტიურების მორჩილი, - ამბობს კენეტ იალოვეცი.
ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის შემდეგ რუსეთი ისევ საქართველოს ხელისუფლებას აქებს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ აფხაზ და ოს ხალხებთან მიმართებით "ქართული ოცნება" წარსულს ადექვატურად აფასებს. ამასთან, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, დაეხმაროს მათ ურთიერთობების ნორმალიზებაში და ხაზს უსვამს, რომ იგულისხმება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფაც.