მაქვს ტვინის შერყევა, ასევე სერიოზული ჰემატომა სახის არეში - ლევან მეტრეველი
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან მეტრეველი, რომელსაც ცოტა ხნის წინ სოფელ კარდენახში ფიზიკურად გაუსწორდნენ, იმ დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც ძალადობის შედეგად მიიღო. ოპოზიციის წევრს კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს.
მე ექიმი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყევის ყველა სიმპტომი ადგილზეა, სახეზე მატყობთ მარჯვენა მხარეს ასიმეტრიას, მაქვს სერიოზული ჰემატომა. რაც შეეხება ქალა ძვლების მოტეხილობას ჯერ არ ვიცი, კომპიუტერული ტომოგრაფია გადაღებულია და ველოდები პასუხს, რის მიხედვითაც გადაწყდება დამტოვებენ საავადმყოფოში თუ გამიშვებენ სახლში სამკურნალოდ,- განაცხადა ლევან მეტრეველმა.
ცოტა ხნის წინ კახეთში პლატფორმა "ერთიანობის" წევრებს საარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს. სოფელ კარდენახში 15-მდე პირი პარტიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდა. ნაცემია ლევან მეტრეველი. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.
ოპოზიციის წევრი ყვება, რომ მას ფიზიკურად ორი პირის უსწორდებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, სპორტსმენები იყვნენ. მეტრეველი ხელს პირდაპირ "ოცნების" ხელისუფლებას ადებს და ამბობს, რომ მოძალადეები სწორედ მმართველი პარტიის მიერ იყვნენ მიგზავნილები.