კალაძე ამტკიცებს, რომ ჰერჩინსკი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა და ელჩს "გაქსუებულ ევროპელ ბიუროკრატად" მოიხსენიებს
კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და დიპლომატს "გაქსუებულ ევროპელ ბიუროკრატად" მოიხსენიებს. "ოცნების" გენერალური მდივნის მტკიცებით, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს.
არავის აქვს იმის უფლება, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში. აი, ეს არის რეალობა. არავის არ აქვს უფლება, ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა პატივსაცემი ადამიანი იყოს, რომელი ქვეყნის ელჩიც არ უნდა იყოს ან საელჩო, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და უფრო მეტიც, ჩაერიოს საარჩევნო კამპანიაში. კატეგორიულად მიუღებელია. ეს არც ევროპაა, არც ევროპულობა არ არის და ხალხს ნუ ახვევთ თავს, რომ თითქოს ეს არის სწორი. ეს არის ჩვეულებრივი მონობა. არანაირი კავშირი არ აქვს ამას ევროპასთან. ეს არის გაქსუებული ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის უფლება, რომ ვიამაყოთ ჩვენი დამოუკიდებლობით, არ უნდა ვისაუბროთ სუვერენიტეტზე. არა ისეთი, როგორსაც ეს ბატონი ელჩი ამბობს. ეს არ არის ევროპულობა. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული ვირტუალური სამყარო, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ "ოცნების" საარჩევნო ბანერები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი სამარცხვინო, ამაზრზენი და შოკისმომგვრელია . ამასთან, დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ქართველ ხალხს ევროკავშირს აშორებს.