თვითონ ივანიშვილი აღარ აპირებს, 41 შემოხაზოს - გიორგი ვაშაძე
რა ხდება "ქართულ ოცნებაში" - ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე საკუთარი გუნდის წევრებს აღარ ენდობა. სწორედ ასე ხსნის "ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ფაქტს, რომლის მიხედვითაც, "ოცნების" პროგრამის პერზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არ მივიდნენ.
როგორც ჩანს, ივანიშვილი ემიჯნება უკვე კობახიძეს, მათთან გუნდში სერიოზული პრობლემაა, აღარაფერს ვამბობ ღარიბაშვილის და კობახიძის ჩხუბზე. ეს არის, ფაქტობრივად, ჩამოშლა ამ პოლიტიკური ძალის. ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭიროს, ხალხო, უბრალოდ, შეხედეთ, მემგონი, ივანიშვილი აღარ აპირებს, შემოხაზოს 41 და თქვენ რატომ უნდა შემოხაზოთ? ღარიბაშვილი რომ 41 არ შემოხაზავს, 100%-იან გარანტიას გაძლევთ, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
გადამწყვეტ არჩევნებამდე 19 დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პროგრამის პრეზენტაციაზე არ მივიდნენ.
ეს ის ღონისძიებაა, რომელიც როგორც წესი, ყოველ წელს პირველ ოქტომბერს იმართება ხოლმე, თუმცა მიმდინარე წელს ღონისძიება, როგორც "ოცნებაში" ამბობენ, პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.