"ძლიერი საქართველოს" ლიდერები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან
საქართველოს პრეზიდენტი უკვე ერთი საათია დახურულ კარს მიღმა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს ხვდება. ორბელიანების სასახლეში კოალიციის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე 14:00 საათისთვის გამოჩნდნენ.
განხილვის მთავარი თემა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაა. პრეზიდენტი ქარტიის ხელმომწერებს დროებით პროფესიულ მთავრობას და პრემიერობის კანდიდატურას სთავაზობს, რომელმაც სწრაფი რეფორმები უნდა გაატაროს იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის მოლაპარაკებების კარი გახსნას.
კოალიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე თქვეს, რომ ზურაბიშვილის შეთავაზებაზე საკუთარ პოზიციას კოსულტაციის შემდეგ გაასაჯაროებენ. ამასთან, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კოალიცია "ქართული ქარტიის" ერთგული რჩება.
პოზიციას გეტყვით, როცა შევხვდებით, ერთს დაგიდასტურებთ, რომ რომ ქარტიის ერთგულები ვართ, დანარჩენს დეტალებს მოგახსენებთ, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით გუშინ დაიწყო.