პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდა: ნებისმიერი კანდიდატურა უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს - ხაზარაძე

08.10.24 16:12
პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდა: ნებისმიერი კანდიდატურა უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს - ხაზარაძე

"ძლიერი საქართველოს" და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულებულია - ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილთან კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა, თუ კანდიდატურები, უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ"- ამბობს ხაზარაძე.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს". 

ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს:  "ჯერ უნდა გავიმარჯვოთ, შემდეგ პრეზიდენტი, როგორც გარანტორი, იქნება მთავარი ფიგურა"

ჩვენი, "ძლიერი საქართველოს" პოზიცია არსი ძალიან კონკრეტული - ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ და ეს ჩვენ, ძალიან მკაფიოდ ვუთხარით საქართველსო პრეზიდენტს. არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა, ჩვენ ახლა, ყველაზე მთავარი ფოკუსირება ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაყენოთ ევროპულ კურსზე. 

ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკუთვნის ხალხს და არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს სხვა დანარჩენი საკითხის განხილვა ქარტიის ფარგლებში. ჩვენ არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ესა თუ ის თანამდებობის პირების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი, იმიტომ, რომ ძალაუფლება ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეკუთვნის ხალხს - ქართველი ხალხის არჩევანი არის უზენაესი.

ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს, გავაფორმოთ ეს გამარჯვება მშვიდობიანად და შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში, პრეზიდენტი, როგორც გარანტორი ამ ძალაუფლების გადაცემის და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების იქნება მთავარი ფიგურა.

ეს იქნება ოპოზიციური პარტიების და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება. ის ითამაშებს მთავარ როლს, როგორც წერია ქარტიაში. ეს არის ჩვენი პოზიცია, მას ეს პოზიცია გავუზიარეთ და ამ პოზიციას არ შევცლით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით გუშინ დაიწყო.  

მანამდე კი "ნოდარ მელაძის შაბათს" უთხრა, რომ ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს გააცნობს და შესთავაზებს მის მიერ შერჩეულ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც ტექნიკური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, მთავრობას სათავეში ჩაუდგება. 

პრეზიდენტის თქმით, მის მიერ შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკიური წარსული არ აქვს. 

 

მსგავსი სიახლეები