ქუთაისს ჩამოართვეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ეს ბიძინამ გააკეთა, რადგან ქუთაისი დასაჯა - დეკანოიძე
"ქუთაისის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომ ქალაქს ჩამოართვეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ეს ბიძინამ გააკეთა, რადგან ქუთაისი დასაჯა, ჩვენ გავიმარჯვეთ აქ 2021-ის არჩევნებში და კიდევ უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს" - ამის შესახებ, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, ქუთაისში, გია ჯაფარიძესთან ერთად, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ქუთაისში, ისევე მთელ საქართველოში, 26 ოქტომბრის შემდეგ სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყება - "ეს გადამწყვეტი ბრძოლა იქნება საქართველოსთვის".
მოგესალმებით ყველაზე ევროპული ქალაქიდან. ქუთაისი არის გამარჯვებული ქალაქი, ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ გავიმარჯვეთ ქუთაისში 2021-ის თვითმმართველობის არჩევნებზე, ახლა კი, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს მოვიპოვებთ ყველაზე დიდ გამარჯვებას. 26 ოქტომბერს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის: არ შევუშინდეთ წვიმას, ყველაფერი კარგად იქნება.
ჩვენ დავიწყეთ კამპანია და დღეს ვართ ყველაზე ევროპულ ქალაქში, განათლების ქალაქში, გამორჩეულ ქალაქში, გამარჯვებულ ქალაქში, მართლაც ოპოზიციურ ქალაქში და ეს ქალაქი იმსახურებს ყველაფერ გამორჩეულს, იმაზე მეტს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ამ ქალაქისთვის. ქალაქი დაცლილია: ყველაზე მძიმე პრობლემა არის ემიგრაცია, გაზრდილი ფასები.
ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქუთაისს ჩამოართვეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, რომ ასე არ მომხდარიყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ისე, რომ მან ქუთაისი დასაჯა იმისათვის, რომ აქ პარლამენტი აშენდა ზუსტად ჩვენი მმართველობის პირობებში. ჩვენ დღეს გთავაზობთ, რომ თითოეულ პენსიონერს, თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება. ღირსეული ცხოვრება, რა თქმა უნდა, იქნება ისეთ საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი და რომელიც გვთავაზობს მშვიდობას, კეთილდღეობას, განვითარებას, ღირსეულ ცხოვრებას პენსიონერებისთვის.
ძალიან მალე, როცა გავიმარჯვებთ და, რა თქმა უნდა, გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ დავიწყებთ სრულიად ახალი საქართველოს მშენებლობას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ ქუთაისში.