ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ხელი ჩაიქნიეს "ქართული ოცნების" პოლიტიკაზე - მამუკა ხაზარაძე
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა "ხელი ჩაიქნიეს "ქართული ოცნების" პოლიტიკაზე" და სწორედ ამაზე მეტყველებს რეზოლუციის საერთო პროექტი, სადაც მათ შორის ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი.
ხაზარაძის თქმით, მსგავსი გზავილები ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" ვეღარ გამოხატავს ქართველი ხალხის არჩევანს.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს, თავის გუნდთან ერთად 18 დღე დარჩა, რომ ჩამოშორდეს ხელისუფლებას.
ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ხელი ჩაიქნიეს მთლიანად "ქართული ოცნების" პოლიტიკაზე. ეს კარი "ოცნებას", როგორც ხელისუფლებას დაკეტილი აქვს, შესაბამისად "ქართული ოცნება" ვეღარ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნება-სურვილს და იმ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია. შესაბამისად, ივანიშვილს დარჩა 18 დღე თავის "ოცნებასთან" ერთად იმისთვის, რომ ჩამოშორდეს ხელისუფლებას. მსგავსი გზავილები ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" ვეღარ გამოხატავს ქართველი ხალხის არჩევანს და ქართველი ხალხის ნებას და ამას როდესაც გეუბნებიან შენი სტრატეგიული პარტნიორები, ვისთანაც გინდა იყოს ქვეყანა და სადაც არის გაცხადებული ქართველი ხალხის მიერ ჩვენი ყოფნა, იქ უკვე წერტილია დასმული. შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" არანაირი შანსი არ აქვს, რომ ეს ქვეყანა მართოს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის საერთო პროექტი შეათანხმეს.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.
დოკუმენტში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.
ამასთან, ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.
რეზოლუციის დოკუმენტში ასევე მოხვდა ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე.