პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციას "ამაზრზენი" უწოდა
შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციას "ამაზრზენი და სამარცხვინო" უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარე განსაკუთრებით რეზოლუციის იმ ჩანაწერით არის აღშფოთებული, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქცირებაზეა საუბარი.
თუმცა, რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, ჩვენს ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება და როგორც სულისკვეთებით, ისე მისი შინაარსით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო - აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია.
აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება. ეს ევროპარლამენტის უკვე მესამე რეზოლუციაა, რომლითაც ცალკეული ძალები ევროკავშირის ოფიციალურ ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისთვის და პირადი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ. ადამიანზე, რომლის წვლილიც განმსაზღვრელია იმაში, რომ მუდმივად ომის ქარცეცხლში გახვეული საქართველო, უკვე წლებია ინარჩუნებს მშვიდობას და არ გახდა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ადგილი. ამასთან, როგორც ჩანს, რეზოლუციის ავტორებიც ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი მათ აკვიატებულ ინტერესს უკვე სერიოზულობა აქვს დაკარგული და ამჯერად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც პირადად ახსენეს.
დაბოლოს, სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, რომლითაც ევროკავშირის ოფიციალური ინსტიტუცია, უკვე მერამდენედ, უკანონო ზეწოლით ცდილობს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნას. იმ ევროპარლამენტარებს, რომლებისთვისაც ამ რეზოლუციის მხარდაჭერა მხოლოდ სტატისტიკაა, შევახსენებ, რომ საუბარია ადამიანზე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღიარებით საქართველოს ციხეებში „წამების სისტემა“ შექმნა; დახურა ან ჯიბეში ჩაიდო ყველა ტელევიზია; რომლის რეჟიმის ტრაგიკული შედეგები მაშინდელ ციხეებში ასეულობით ათასმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა; სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ." - თქვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
პაპუაშვილისთვის ასევე ამაზრზენია საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესების შესახებ.
ამაზრზენია საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები. სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული", - ამბობს პაპუაშვილი.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან - ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის საერთო პროექტი შეათანხმეს.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.
დოკუმენტში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.
ამასთან, ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.
რეზოლუციის დოკუმენტში ასევე მოხვდა ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე.