კალაძისთვის ევროპარლამენტარების რეზოლუციას "ჩალის ფასი არ აქვს"
"დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ" - კახა კალაძისთვის ევროპარლამენტარების რეზოლუციას "ფასი არ აქვს". თბილისის მერი დასავლელ პარტნიორებს დემოკრატიას უწუნებს.
მაგისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ, ჩვენს წინაპრებს არ შეუწირავთ სიცოცხლე იმისთვის, რომ ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ - ამბობს "ოცნების" ლიდერი ევროპარლამენტარების მისამართით.
ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს, არანაირი ფასი არ აქვს! კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ სააკაშვილი უპირობოდ უნდა იყოს გამოშვებული - წარმოგიდგენიათ?! დემოკრატიაზე, ევროპულობაზე ვსაუბრობთ და ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, გვეუბნებიან, რომ უპირობოდ უნდა გამოვუშვათ. ეს არის მათეული დემოკრატია, მათი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატია. მაგისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ, ჩვენს წინაპრებს არ შეუწირავთ სიცოცხლე იმისთვის, რომ ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ და თუნდაც კონკრეტული დამნაშავეები გამოვუშვათ, ან ქვეყნის ინტერესი დაგვათმობინონ. ჩვენ რისთვის ვიბრძოლეთ?! რისთვის იბრძოლა წინა თაობებმა? იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო თავისუფალი და სუვერენული. ამისთვის ვიბრძოლეთ და არა ის, რომ იქ მითითებები მოგვცენ, სანქციებს მივუერთდეთ. სანქციებზე ხომ არ იყო საუბარი? თვითონ ხომ არ საუბრობდნენ, მეორე - მესამე პირებს ალაპარაკებდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ რაღაცებთან დაკავშირებით", - განაცხადა კალაძემ.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან - ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის საერთო პროექტი შეათანხმეს.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.
დოკუმენტში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.
ამასთან, ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.
რეზოლუციის დოკუმენტში ასევე მოხვდა ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე.