მოსამართლეთა პლენუმი რუსული კანონის აღსრულებას არ აჩერებს - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი რუსული კანონის აღსრულებას არ აჩერებს - ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილება რუსული კანონთან დაკავშირებით ცნობილია. საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა რუსული კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან. მოსამართლე თვლიდა, რომ 78-ე მუხლის დადგენას ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მას მიაჩნდა, რომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.
არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.
საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად", - წერია გადაწყვეტილებაში.
- საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ: "საქმის განხილვის შედეგად არ გამოკვეთილა, რომ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ან/და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში მისთვის ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციებისათვის აუწეველ ტვირთს ქმნის და, შედეგად, მათ საქმიანობას შეუძლებელს ხდის. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ სცდება უფლების შეზღუდვის დასაბუთების წარმოჩენას. საქმის განხილვის დროს არ გამოკვეთილა პოტენციური გამოუსწორებელი შედეგები, რომელიც შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში სადავო ნორმების მოქმედებას მოჰყვეს. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა ანგარიშგების წარდგენის და მონიტორინგის მომწესრიგებელი ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს"
გადაწყვეტილება სრულად ნახეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონთან დაკავშირებით 4 სარჩელი იყო შეტანილი. სარჩელების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 1 სექტემბერს დაასრულა.