ჩალაძე: პენიტენციური სააკაშვილსა და მის ადვოკატს შორის კონფიდენციალურობის დარღვევას შეეცადა, ასეთი წესები მხოლოდ გულაგის დროს მახსენდება - სავარაუდოდ, ფარული მოსმენა ხდება სააკაშვილის ოთახში
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალურობის დარღვევას შეეცადა.
როგორც მან აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა დოკუმენტაციის დასურათება დაიწყო, მაშინ, როცა მას მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებისა და შიგთავსის ნახვა შეეძლოთ.
ასეთი წესები მხოლოდ გულაგის დროს მახსენდება - სავარაუდოდ, ფარული მოსმენა ხდება სააკაშვილის ოთახში - ამბობს ჩალაძე.
„დღეს მიხეილ სააკაშვილის ე.წ. სასამართლო სხდომა 12 საათზე უნდა გამართულიყო. როგორც ყოველთვის ხდება, შეფერხება იყო პრეზიდენტთან დაშვებისას. შემდეგ მოთხოვნა იყო, რომ დოკუმენტაცია, რომელიც პრეზიდენტსა და ადვოკატს შორის, რომელიც არის კონფიდენციალური, ამის დარღვევას შეეცადა პენიტენციური სამსახური. მათ მოითხოვეს დასურათება. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური დათვალიერება და შიგთავსის ნახვაც შეეძლოთ, მათ დასურათება და შემდეგ გადაგზავნა გადაწყვიტეს თავის ხელმძღვანელობასთან, ანუ ივანიშვილთან იმისათვის, რომ შიგთავსი გაერკვიათ ამ დოკუმენტაციის. ასეთი წესები მხოლოდ გულაგის დროს მახსენდება, სხვა დროს არსად მსოფლიოში არ მომხდარა. არაფერს ემსახურება ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ არის ძალიან შეშინებული „ქართული ოცნება“, მისი სასამართლო და სტრუქტურები, რომლითაც ქვეყნის მართვას ცდილობს და შევეცდები ახლა დავბრუნდე პრეზიდენტ სააკაშვილთან და ჩემი, როგორც ადვოკატის შეზღუდული უფლებები განვახორციელო. ეს არის ჩემი, როგორც ადვოკატის უფლებების დარღვევა, ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის უფლების დარღვევა, როგორც დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ეს არის ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალურობის დარღვევა და ეს არის დაბრუნება უკან გულაგში, რასაც „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი აკეთებს, მაგრამ როგორც არასდროს გულაგს წარმატება არ ექნება და მომავალი მას არ აქვს.
არანაირი განმარტება არ მიგვიღია, ნახეთ დღეს როგორც მოვედი. ეს არის ის ფორმა, დამცინავი ფორმა, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ მზიანს, რომ სავარაუდოდ ფარული მოსმენა ხდება პრეზიდენტ სააკაშვილის ოთახში და ჩურჩულის და ყურში საუბრის ნაცვლად, ხმამაღლა მომიწიოს საუბარი და ყველაფერი გაიგონ. ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ ფარული მიყურადების ობიექტები ვართ მეც და პრეზიდენტ სააკაშვილი.“ - განაცხადა გიორგი ჩალაძემ