საკონსტიტუციო რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე ორი მოსამართლის განსხვავებულ აზრს აქვეყნებს

09.10.24 17:51
საკონსტიტუციო რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე ორი მოსამართლის განსხვავებულ აზრს აქვეყნებს

საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე ორი მოსამართლის განსხვავებულ აზრს აქვეყნებს - ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე დევს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.

მოსამართლეები განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ე.წ. აგენტების კანონის სადავო ნორმების მოქმედება უნდა შეეჩერებინა.

"სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ნეგატიური კონოტაციის სახელით რეგისტრაციის ვალდებულებით, შესაძლოა, შეუქცევადად დაზიანდეს (მედია) ორგანიზაციების რეპუტაცია და ხელი შეეშალოს მათი საქმიანობის განხორციელებას. გამოუსწორებელი და მყისიერი ზიანის საფრთხე კი, განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება არჩევნების პროცესის დაკვირვების/გაშუქების და „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების შესაძლო შეფერხების კუთხით, რამდენადაც სადავო კანონით გათვალისწინებული სახელით რეგისტრაციას შესაძლოა, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციების სტიგმატიზება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობას, მათ მიმართ კონკრეტული სანქციების გამოყენება, რამაც, ასევე შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას. ამასთანავე, ცხადია ისიც, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება გამორიცხავს უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელით ორგანიზაციების რეგისტრაციას, რაც არსებითად შეამცირებს სადავო ნორმების მასტიგმატიზებელ პოტენციალს", - წერენ მოსამართლეები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით - ვრცლად ნახეთ აქ
 

მსგავსი სიახლეები