სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს
დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ აშშ ძალიან ღელავს და უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
დაფნა რენდმა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა" (IRI) და "ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის განზრახვაზე ისაუბრა და განაცხადა: "რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან, თავის ორბიტაში დააბრუნოს".
მეტიც, დაფნა რენდი ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადმოაკოპირა ის, რასაც პუტინი საკუთარ ქვეყანაში აკეთებს.
მსურს ცოტა საქართველოზე ვისაუბრო, ვინაიდან, ახლა ჩვენთვის, აშშ-ის მთავრობაში, ეს ნამდვილად საგანგაშოა. “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალიან კონკურენტული არჩევნებია 26 ოქტომბერს. და ვხედავთ მოვლენას, როდესაც რუსეთი ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ პარტიას, რომელმაც არსებითად გადააკოპირა ის, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა, მაგალითად “უცხოური აგენტების” კანონის მიღებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ზღუდავს ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს, ზღუდავს ალტერნატიული იდეების გამოხატვის შესაძლებლობებს, კრიტიკას, ახალი იდეების შემოთავაზებას - რაც აქ, “საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში” ყველამ იცის, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი არჩევნებისთვის - საკითხებზე კამათის შესაძლებლობა.
ასე რომ, იანვარ-თებერვლიდან მოყოლებული რუსეთი და “ქართული ოცნება” ძალიან ცდილობდნენ, რომ შეეზღუდათ ეს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის, იმდენი მეთოდით და ისეთ დონეზე, რომ ჩვენ, სახელმწიფო დეპარტამენტში ვუპასუხეთ ჩვენი სავიზო შეზღუდვების მექანიზმით, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც მოიფიქრა ეს “უცხოური აგენტების” კანონის იდეა.
ასე რომ, ძალიან ვღელავთ ამ არჩევნებზე, ვინაიდან, ის სამართლიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ თავისუფალი დებატები და შეჯიბრი არსებობს. პრობლემა არ არის თუ “ქართული ოცნება” სამართლიანად გაიმარჯვებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ ქართველი ხალხისთვის მათი სურვილი თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა შეზღუდეს.
ქართველების 80% ევროკავშირთან მეტად დაახლოებისკენ მიისწრაფვის. არსებობს გაწევრიანების პროცესი, ასე რომ ხალხს სურს უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, სურს რეფორმების პროცესის გავლა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება მოიაზრებს. ასე რომ, ამ სივრცის შეზღუდვა და რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, და ეს უბრალოდ მიუღებელია.
ამით შევწყვეტ საქართველოზე საუბარს, მაგრამ ალბათ გაიგეთ მთავარი სათქმელი, რომ ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება [არჩევნებს], ისევე როგორც აშშ-ის კონგრესი”, - განაცხადა რენდმა.