საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ, მესამე სექტორი დაანონსებული რეპრესიების მოლოდინშია
დღეიდან შესაძლოა რუსული კანონი ნებისმიერ მომენტში ამოქმედდეს - ორგანიზაციები, ვინც უარს ამბობენ, რეესტრში რეგისტრაციაზე, იძულებითი მექანიზმების ამოქმედებას ელოდებიან.
მათივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გადამწყვეტ არჩევნებამდე 16 დღით ადრე გაჩნდა რეალური საფრთხე, რომ ხელისუფლებამ არასასურველი კანონების დახმარებით, დემოკრატიული ორგანიზაციების დასჯა დაიწყოს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის, გურამ იმნაძის თქმით, გუშინ გაჟღერებული გადაწყვეტილებით, გამოჩნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი არ არის.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რატი ბრეგაძე კანონის ამოქმედებას დაიწყებს, ეს არჩევნებზე დამკვირვებელ არასამთავრობოებს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის:
საკონსტუტუციო სასამართლოს ამ შუალედური გადაწყვეტილების მიღებამდეც კანონი ისედაც სრულყოფილად იყო უკვე ამოქმედებული. გადაწყვეტილებით ერთადერთი ის გამოჩნდა, რომ რეალურად, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და პოლიტიკურ წნეხს ვერ გაუძლო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ცხადია, ნებისმიერ დროს, შესაძლებელია გამოყენებული იყოს კანონის რეპრესიული მექანიზმები. იქნება ეს ჯარიმა, მონიტორინგის დაწყება და ა.შ. ეს განსაკუთრებით პრობლემურია წინასაარჩევნო კონტექსტში, როცა ორგანიზაციებს აქვთ სადამკვირვებლო მისიები და ძალიან დიდი ადმინისტრაციული თუ შინაარსობრივი სამუშაო სწორედ არჩევნებს მიემართება. ამ დროს კი თუ კანონის რეპრესიული მექანიზმები ამოქმედდება მათ წინააღმდეგ, ეს შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა აღმოჩნდეს არჩვენებზე დაკვირცების პროცესზე"- აღნიშნავს იმნაძე.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეაჩერა - სასამართლო პლენუმის მიღებული გადაწყვეტილება უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სასამართლომ სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ დააკმაყოფილა.