სოფო ჯაფარიძე: 16 დღეში ხელისუფლება შეიცვლება
საკონსტიტუციომ არ მიიღო ის გადაწყვეტილება, რისი სურვილიც ქართველ ხალხს ჰქონდა, მაგრამ 16 დღეში ხელისუფლება შეიცვლება - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, "ქართული ოცნების" ნაბიჯები შიშს უკავშირდება:
რაც შეეხება კანონს, რაც შეეხება რეპრესიებს და რაც შეეხება იმ ყველაფერს, რასაც "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ კადრულობს, ეს არის შიში. ეს არის შიში იმისა, რომ ზუსტად იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან. საკონსტიტუციო სასამართლომ სამწუხაროდ არ მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც ქართველი ხალხი ელოდა და რისი სურვილიც ქართველ ხალხს ჰქოდნა, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში, 16 დღეში ხელისუფლება შეიცვლება", - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეაჩერა - სასამართლო პლენუმის მიღებული გადაწყვეტილება უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სასამართლომ სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ დააკმაყოფილა.
ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან.