კომუნიკაციების კომისია ჩვენს პარტიას უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს - გახარია
კომუნიკაციების კომისია პარტია "გახარია საქართველოსთვის" უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს - ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მარეგულირებელი კომისია ცდილობს, ყველა ეროვნულ მაუწყებელს ტელესივრცეში პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება აუკრძალოს.
დღეს 10 ოქტომბერია, არჩევნებამდე დარჩა ზუსტად 16 დღე.
"ოცნების“ უსუსური, შეშინებული სახეები ცდილობენ აგვისხნან, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. სინამდვილეში „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით, ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს - დაშინებით, თვალთვალით, მედიების ჩაკეტვით ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს არ მისცეს შესაძლებლობა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
სულ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: მაგალითად, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, როდესაც ჩვენი აქტივისტები ახალგაზრდული ორგანიზაციიდან და ქალთა ორგანიზაციიდან ეწეოდნენ აგიტაციას, ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, თავს დაესხნენ „ოცნების“ მოძალადეები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო, რომ „ოცნების“ ახალგაზრდები იყვნენ თავდამსხმელები. ეს არის ის, რასაც დღეს „ოცნება“ უკეთებს თავისივე ახალგაზრდულ ორგანიზაციას.
ეს არის უდიდესი იმედგაცრუება, რადგან ეს ის ხალხია, რომელიც მშვიდობაზე გვესაუბრება და ქართველ ახალგაზრდებს ერთმანეთს უპირისპირებს. მაგრამ ეს არ არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა.
ჩვენი შეხვედრის დღევანდელი თემა გახლავთ ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ახლა კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში - პროცესი, რომლის მიზანი გახლავთ ჩვენს პარტიას არ მისცეს წვდომა უფასო სატელევიზიო რეკლამაზე. სულ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელსაც მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის, ჩვენ მოგვანიჭა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს პარტიას უნდა ჰქონდეს წვდომა უფასო რეკლამაზე. როგორც კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინვე ჩაერთო პროცესში მარეგულირებელი, რომელმაც ჯარიმის მუქარით, უკანონოდ დააორგანიზა ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომლის მიზანიც არის, რომ ყველა ეროვნულ მაუწყებელს აუკრძალონ ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება ტელესივრცეში.
მე მინდა პერსონალურად მივმართო კახა ბექაურს. ძალიან კარგად მესმის, რომ მონური დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და სწრაფი გზა გამდიდრებისკენ, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არის დამოუკიდებელი უწყება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში და აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მინდა გავაფრთხილო, მე პირადად გიორგი გახარიამ, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა და ვერავისთვის უკან გასასვლელი კარი ვერ იქნება.
მინდა მივმართო პარტიულ მედიებს, „იმედს“, „რუსთავი 2-ს“, მათ თანამშრომლებს, მათ მაყურებლებს: მეგობრებო, თქვენ თუ მართლა გაქვთ ის გაცხადებული სურვილი, რომ არ დაუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, იცოდეთ და შეხედეთ ამ უსუსურ „ოცნებას“, რომელსაც არაფრის თავი აღარ აქვს, უკვე გუნდურებიც აღარ არიან, ერთმანეთს ებრძვიან თვითგადარჩენისთვის. თქვენ თუ მართლა გაქვთ ეს გაცხადებული მიზანი და ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ გაგვიხსენით ეთერები და გაუშვით ჩვენი წინასაარჩევნო რეკლამა თქვენს ეთერებში. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ყველამ ერთად არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, რაც მე მჯერა, რომ არის თქვენი მიზანიც, ისევე როგორც ჩვენი, რომელიც ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და ყოველთვის ვადასტურებთ. ყოველთვის ვიქნებით იმ პრინციპის მომხრეები, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ „ოცნება“ და უნდა დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთდროულად; რომ არც ერთმა ადამიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთი პროცენტი რევანშისტული იდეები არ დაუშვას. ამის გაკეთება შეგვიძლია დღეს მხოლოდ ჩვენ. მოგვეხმარეთ ამაში, თუ თქვენი სურვილი გულწრფელია და თქვენ ემსახურებით ქართველ ხალხს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.