ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

10.10.24 21:51
 ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი მმართველი უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ინფორმაცია ბუნდესტაგის ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.

გერმანელი დეპუტატები რეზოლუციის ტექსტში 26 ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხებიან და წერენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები "იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ".

ფედერალურმა მთავრობამ უნდა იმუშაოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების სულისკვეთებით, ეუთოს (ODIHR) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხარდაჭერით, და ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების მომავალი განვითარება დამოკიდებული უნდა იყოს თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებზე”. – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება - "ბუნდესტაგი დაჟინებით მოითხოვს, რომ სანამ [რუსული] კანონი ძალაშია, საქართველოსთან, EU-ში გაწევრიანების პროცესში, შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს". 

ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული 9 ნაბიჯიდან ორს, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფას და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლას. კანონი სულისკვეთებით შეესაბამება რუსეთის „უცხოელი აგენტების კანონს”. - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

გერმანული პარტიები ასევე აკრიტიკებენ ჰომოფობიურ კანონს და ითხოვენ მის გაუქმებას. ასევე, ითხოვენ, გაუქმდეს ე.წ ოფშორების კანონი.

ამასთან, ბუნდესტაგის პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საქართველო იყო და კვლავაც არის რუსეთის იმპერიალისტური აგრესიის მსხვერპლი. 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ რუსული ჯარები ახორციელებდნენ დე ფაქტო კონტროლს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედზე საერთაშორისო სამართლის დარღვევით. რუსეთმა დიპლომატიურად აღიარა სეპარატისტული რეგიონები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

ფედერალურმა მთავრობამ უნდა გააგრძელოს რუსეთისთვის მოწოდება, სრულიად პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მტკიცედ დაგმოს რუსეთის ნებისმიერი გავლენა რუსეთის ჯარების მიერ დე ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიებზე, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევით ხდება, ისევე, როგორც დაგმოს საქართველოს შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობები“.

გერმანიის ბუნდესტაგი გერმანიის ფედერალურ მთავრობას შემდეგი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს:

  • იმუშაოს ევროკავშირის დონეზე, რათა უზრუნველყოს ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისს გაცემული რეკომენდაციების სრული შესრულება;
  • ევროკავშირის დონეზე მოითხოვოს, რომ  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არ მოხდეს შემდგომი პროგრესი, სანამ ძალაშია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი;
  • იხელმძღვანელოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების სულისკვეთებით, ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხარდაჭერით და საქართველოსთან ურთიერთობების მომავალი ფორმა დამოკიდებული იყოს თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე;
  • ეუთოსა და ევროპის საბჭოს ანგარიშებზე დაყრდნობით არჩევნების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმას, აყენებს თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების ლეგიტიმურობას არადემოკრატიული პრაქტიკა, რომელიც გამოვლინდა გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ წინასაარჩევნოდ, მაგალითად, მმართველი პარტიის პოლიტიკის მხარდასაჭერად ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებით;
  • მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების უკანონო დევნა;
  • ევროკავშირის დონეზე იმუშაოს იმისათვის, რომ მოუწოდოს ხელისუფლებას იმ კანონების გაწვევისკენ, რომლებიც მასიურად ზღუდავს LGBTQIA+ თემის წევრების უფლებებს და ეს გახდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის წინაპირობა;
  • ევროკავშირის დონეზე იმუშაოს,  რათა უზრუნველყოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას მოუწოდონ "ოფშორების კანონის" გაუქმებისკენ, რომელმაც შესაძლოა დაასუსტოს ეკონომიკური გამჭვირვალობა და ბრძოლა კორუფციის და სანქციებისგან თავის არიდების წინააღმდეგ;
  • მოუწოდოს, რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად დაგმოს რუსეთის ნებისმიერი გავლენა ტერიტორიებზე, რომლებიც დე ფაქტო კონტროლდება რუსული ჯარების მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ისევე როგორც საქართველოს შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობები;
  • იმუშაოს საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად, მიუხედავად ხელისუფლების დემოკრატიული უკუსვლისა, ვინაიდან უვიზო რეჟიმის შეჩერება გავლენას მოახდენს მთელ მოსახლეობაზე და, შესაბამისად, პროევროპულ ძალებზეც;
  • უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების და LGBTQIA+ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც განიცდიან რეპრესიებს და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს მათი დაცვისთვის ზომები;
  • ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში არსებულ ვითარებას, რათა დაფიქსირდეს ნებისმიერი ფაქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიზნობრივი სანქციები;
  • გააძლიეროს თანამშრომლობა და კულტურული გაცვლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და, საქართველოს სამთავრობო უწყებებისთვის ფედერალური სახსრების მიწოდებისას, უზრუნველყონ, რომ ისინი არ გამოიყენონ ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტებისგან დასაშორებლად.

 

მსგავსი სიახლეები