სკანდალი: ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას კახელი ბიზნესმენი დევნასა და შურისძიებაში ადანაშაულებს

11.10.24 11:04
სკანდალი: ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას კახელი ბიზნესმენი დევნასა და შურისძიებაში ადანაშაულებს

ექს-პრემიერის ოჯახი ახალ სკანდალში გაეხვა - ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას კახელი ბიზნესმენი დევნასა და შურისძიებაში ადანაშაულებს. სკანდალური ამბავი რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიებით გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ არსებობს ბიზნესმენის ჩვენება, სადღაც ის ჰყვება, რომ ზურაბ გონაშვილთან, იგივე "კაკაშასთან" არსებული ბიზნეს  დავის გამო ის სასტიკად სცემეს და  სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. 

"რადიო თავისუფლება" მკითხველს უყვება,  როგორ სცემეს ერთ ბიზნესმენს და ქვეყნიდან გააქციეს, როგორ ეშინია მეორეს, როგორც თვითონ ამბობს, ღარიბაშვილების შურისძიების და როგორ მიიყვანეს მესამე გაკოტრების პირას. ასევე ნახავთ, როგორ არის ჩართული სახელმწიფო მათ დევნაში.

tvpirveli.ge ჟურნალისტურ გამოძიებას უცვლელად გთავაზობთ: 

„აქ საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება“

ეს ყველაფერი ელდარის დაბლობზე დაიწყო, 2022 წელს, როდესაც თელაველმა მეღვინე ძმებმა ლევან და დავით თამარაშვილებმა 600 ჰექტარი მუნიციპალური მიწის ორწლიანი იჯარა ახმეტის მერიის საჯარო აუქციონზე მოიგეს.

შირაქისა და ელდარის ველები საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, დედოფლისწყაროდან 40 კმ-ში, ვაშლოვანის ნაკრძალის სიახლოვესაა გადაჭიმული.

ნახევრად უდაბნო მხარეში ხორბლის საუკეთესო მოსავალი მოდის - ერთ ჰექტარზე საშუალოდ ტონიდან ხუთ ტონამდე.

ძმების იმედები და ბიზნეს-გეგმაც ამას უკავშირდებოდა: მათი კომპანია „ვაზისა და ღვინის ჯგუფი“ ხორბალს მოიყვანდა, სამედიცინო სპირტს გამოხდიდა და მალევე სხვა ბიზნესებსაც დაამატებდნენ. ჰყავდათ ინვესტორიც, რომელიც მზად იყო მომგებიან საქმეში თავდაპირველად 2 მილიონამდე ლარი ჩაედო.

ხორბლის მოსავლის აღება ელდარში. 2024 წლის, ივნისი.

ხორბლის მოსავლის აღება ელდარში. 2024 წლის, ივნისი.

თავად თამარაშვილების ბიზნესიც მყარად იდგა ფეხზე - მილიონიანი ბრუნვით, მსხვილი კლიენტებით, რომლებსაც „ვაზისა და ღვინის ჯგუფი“ ღვინის ქარხნების, მარნების მოწყობასა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიების აწყობაში ეხმარებოდა.

მაგრამ, ელდარის დაბლობზე ახალი ბიზნესის აწყობა ძმებმა ისე დაგეგმეს, რომ იჯარით გასაცემი მიწები წინასწარ არ ჰქონდათ ნანახი.

დავით თამარაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ელდარში ჩასვლამ მათი გეგმები თავდაყირა დააყენა: ტერიტორიის ნაწილი საძოვრებად გადაქცეულიყო და სახნავ-სათესად არ გამოდგებოდა, ნაწილი კი (109 ჰა) ორ ადგილობრივ ფერმერს ჰქონდა მითვისებული და ხორბალი მოჰყავდათ.

როგორც კი ინვესტორმა შეიტყო, რომ მისი პარტნიორები იჯარით აღებული მიწის დაახლოებით მესამედს ვერ გამოიყენებდნენ, საერთო საქმეში ფულის ჩადება გადაიფიქრა.

2022 წლის აგვისტოში „ვაზისა და ღვინის ჯგუფი“ პრობლემების გადაჭრას ცდილობს.

დავით თამარაშვილმა ჯერ ახმეტის გამგეობას გაუგზავნა წერილი, ვითარება აღუწერა, საკუთარი ტერიტორია აზომა და მონიშნა, შემდეგ კი ეცადა გაერკვია, ვინ იყენებდა მის ნაკვეთებს თვითნებურად.

„ელდარის რეგიონში არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, იქ არის არაფორმალური მმართველობა“

ასე იპოვა გიორგი, იგივე გიგოლე ცაძიკიძე, ბიზნესმენი თუშეთიდან. აღმოაჩინა, რომ ცაძიკიძის ოჯახს 30 წელზე მეტია მოჰყავს ხორბალი ელდარის დაბლობზე. ისიც შეიტყო, რომ სოფელ კასრისწყალში, სახნავ-სათეს მიწებთან უახლოეს დასახლებაში მას „ფეოდალს“ ეძახიან.

„გიორგი ცაძიკიძემ მითხრა, რომ აქ, ელდარში ვარ მეო! როცა მიწა აიღე სახელმწიფოსგან, მეტი ყურადღება უნდა გამოგეჩინა, მე ვარ მასპინძელი და შენ სტუმარიო. მალევე გავიგე, რომ ცაძიკიძე წლებია თვითნებურად იყენებს ელდარში სახელმწიფოს მიწებს და ამისთვის პასუხს არავინ სთხოვს“, - ჰყვება დავით თამარაშვილი.

ელდარის დაბლობი, კახეთი. 2024 წლის ივლისი.

ელდარის დაბლობი, კახეთი. 2024 წლის ივლისი.

„ელდარის რეგიონში არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, იქ არის არაფორმალური მმართველობა“, - დაასკვნის მოგვიანებით ის. იქამდე კი, მას შემდეგ, რაც თავისი ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებზე, მიწაში აღმნიშვნელი ნიშნები ჩაარჭო და ეს ნიშნები ამოთხრილი დახვდა, კიდევ ერთი მძიმე საუბარი მოუწია ცაძიკიძესთან.

„მივხვდი, რომ მასთან პრობლემას მარტივად ვერ მოვაგვარებდიო“, და თამარაშვილი ცაძიკიძის ჩამოშორების თხოვნით ახმეტის მერს ხვდება. მერი ბიზნესმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სუსის ადგილობრივ მაღალჩინოსანს ახვედრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან.

როგორ შემოდის საქმეში ახალი პარტნიორი - პრემიერ-მინისტრის ბიძა

თამარაშვილი ახმეტის გამგეობაში ერთ-ერთი მისვლისას იცნობს ადგილობრივ ახალგაზრდას, გიორგი გოგოთიძეს. გოგოთიძე ეუბნება, ცაძიკიძესთან პრობლემები ჩემს ოჯახსაც აქვს, ვერ მოვაგვარეთ და ეგებ ერთად შევძლოთო.

გიორგი გოგოთიძე სოფელ ალვანიდანაა, საჯარო წყაროებში დაცული ინფორმაციით, 2017 წელს ალვანში გამგებლის წარმომადგენელი იყო, 2020-22 წლებში საკუთარი კომპანიით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა, დაახლოებით ნახევარი მილიონის სახელმწიფო დაკვეთა მიიღო, აქედან თითქმის ნახევარი - უტენდეროდ, პირდაპირი კონტრაქტით. 2023 წელს ტენდერით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მისი კომპანია შპს „ასიანი“ შავ სიაში შეიყვანეს და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალეს.

თამარაშვილის მონათხრობით, ამ შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში, 2023 წლის იანვარში გიორგი გოგოთიძემ მას გააცნო მეგობარი რამაზ ივანიძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ახლობლად წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო.

 

დავით თამარაშვილის ბიზნესპარტნიორები - რამაზ ივანიძე (მარცხნივ), გიორგი გოგოთიძე.

დავით თამარაშვილის ბიზნესპარტნიორები - რამაზ ივანიძე (მარცხნივ), გიორგი გოგოთიძე.

„აღმოჩნდა, რომ რამაზი, რომელიც პოლიციელი იყო, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან მეგობრობდა. მითხრა ამ კაცმა… თუ შენ მოგვცემ ნებას, რომ შენი პრობლემა მივიტანოთ პრემიერთან, ირაკლი [ღარიბაშვილი] ჩაერევა ამ საკითხში, როგორც სახელმწიფო ინტერესების დამცველი. რა თქმა უნდა, მე დავეთანხმე“, - ამბობს დავით თამარაშვილი და განაგრძობს:

„შემახვედრეს ზურაბ გონაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას“

„შემახვედრეს ზურაბ გონაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას, მე მას ვუთხარი, რომ ეს [ელდარში სახელმწიფო მიწების მითვისება] არაა მხოლოდ ჩემი პრობლემა და თუ სახელმწიფო ინტერესი იქნება დაცული, ყველასთვის კარგი იქნება. დამპირდა, შენს თავს არავის არ დავაჩაგვრინებო, რასაც გეგმავ, კარგია ჩვენი ქვეყნისთვის და შენ გაქვს ჩვენი მხარდაჭერაო“.

ზურაბ გონაშვილი ღარიბაშვილების ოჯახის ახლობელია, ტარიელ ღარიბაშვილის (ირაკლი ღარიბაშვილის მამა) დეიდაშვილის შვილი, თუმცა დედოფლისწყაროში მას ყოფილი პრემიერის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძად და „ღარიბაშვილების მოურავად“ მოიხსენიებენ.

გონაშვილთან შეხვედრის შემდეგ, 2023 წლის მარტიდან, „ვაზისა და ღვინის ჯგუფი“ შვილობილი შპს-ს „ელდარი ჯგუფის“ 75 პროცენტს ახალ მფარველებს აჩუქებს.

მსგავსი სიახლეები