ბოდიში აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ და ოსებსაც - აჭარის უმაღლეს საბჭოში ოცნების წევრი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით ბაციკაძემ "ბათუმელებთან" განაცხადა, რომ ბოდიში აფხაზებსაც უნდა მოვიხადოთ.
მეტიც, ბაციკაძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ ბოდიშთან დაკავშირებით კითხვის დასმის გამო "სეპარატისტი" და "ქვეყნის მტერია".
"აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში. იმას, ვისაც იარაღი არ ეკავა ხელში. შერიგება სხვანაირად არ მოხდება. [...] რა თქმა უნდა, ბოდიში ერთმანეთისთვის გვაქვს მოსახდელი და, რა თქმა უნდა, შესარიგებლები ვართ", - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".