გახარია-საქართველოსთვის კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივის
პარტია "გახარია -საქართველოსთვის" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას სასამართლოში უჩივის.
ექსპრემიერის გუნდი კომისიას დამოუკიდებელი მედიის შევიწროებაში ადანაშაულებს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, კომუნიკაციის კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევს მათი რეკლამის განთავსების საშუალებას, ხოლო ვინც განათავსა, მათ სამართალდამრღვევებად ცნობს.
პარტია ასევე მოუწოდებს ტელეკომპანია იმედს, გახსნან მათთვის ეთერი.
კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური აგრძელებს ზეწოლას იმ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებმაც გვაღიარეს კვალიფიციურ სუბიექტად და მოგვანიჭეს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება.
დღეს ჩვენმა გუნდმა - პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, კომისიის და ბექაურის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, ოფიციალურად მიმართა სასამართლოს.
კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევს რეკლამის განთავსების საშუალებას, ხოლო ვინც განათავსა, მათ სამართალდამრღვევად ცნობს მათი დასჯის მიზნით.
კომისიის აღნიშნული ქმედება გვართმევს საარჩევნო კამპანიის სამართლიან მედიაგარემოში წარმართვის შესაძლებლობას.ამასთან, პარტიის დაფუძნების დღიდან დღემდე, ტელეკომპანია „იმედს“ დაბლოკილი ვყავართ ეთერებში. ეს მაშინ, როცა უდიდეს საეთერო დროს უთმობენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეთერში შეუფერხებლად გადმოსცემენ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან.
ეთერების დახურვა მოქალაქეებს ართმევს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და ქმნის უსამართლო საარჩევნო გარემოს.
ამ ფონზე კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფება ურცხვად ტყუის, რომ, თითქოს, სამართლიანი და თანასწორი წინასაარჩევნო გარემოა.მოვუწოდებთ, „ოცნებას“ და მის პარტიულ ტელევიზიას „იმედს“, სასწრაფოდ გახსნან ეთერები და დაგვისხდნენ დებატებში, როგორც საარჩევნო დაპირებების განსახილველად, ისე წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად.
მოვუწოდებთ სასამართლოს - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა. დროულად მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და მოგვეცით მედიასივრცით სარგებლობის შესაძლებლობა.
კახა ბექაურს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, ყველა მსგავს უკანონობაზე პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული.