საქართველოს მთავრობა რუსეთთან ახლოს დადგა - თომას ჰაკერი

11.10.24 16:17
საქართველოს მთავრობა რუსეთთან ახლოს დადგა - თომას ჰაკერი

დავამტკიცეთ რეზოლუცია, რათა გავამხნევოთ ქართველი ხალხი, იბრძოლონ თავიანთი თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ გერმანიის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი დეპუტატი საუბრობს. თომას ჰაკერი ამბობს, რომ გერმანია საქართველოში მაოხლოებულ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება, რათა ნახოს, ექნება თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან თაღლითობას ან ზეწოლას. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოლოდინები ვერ გაამართლა, რადგან ევროპულ კურსს გადაუხვია და რუსეთთან ახლოს დადგა. 

ამასთან, გერმანელი პარლამენტარი პირდაპირ ამბობს, რომ თუკი 26 ოქტომბრის არჩევნები სამართლიან გარემოში არ ჩატარდება, ამას ევროკავსირის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. 

ბუნდესტაგში გვჯერა, რომ ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ არც ისე შორეულ პერსპექტივაში ისინი ევროკავშირის წევრები გახდნენ. ამიტომ დავამტკიცეთ რეზოლუცია, რათა გავამხნევოთ ისინი, იბრძოლონ თავიანთი თავისუფლებისთვის, კანონის უზენაესობისთვის და აიხდინონ ოცნება ევროკავშირის გზაზე. ძალიან ფრთხილად დავაკვირდებით, როგორ ჩაივლის არჩევნები, ექნება თუ არა ადგილი თაღლითობის ან ზეგავლენის მოხდენის მცდელობას ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან და ჩატარდება თუ არა არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. არა მხოლოდ ბუნდესტაგი დააკვირდება არჩევნებს, არამედ მთლიანად ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება. არჩევნები ხალხისთვის უდიდესი დღეა, რადგან მათ აქვთ შანსი, ხმა მისცენ მომავალს. ჩვენ იმედი გვაქვს და ველით, რომ ხალხი გამოხატავს მათ ნებას შიშის, მთავრობის და ინსტიტუციების ზეგავლენის გარეშე. თუ არჩევნები არ ჩატარდება შესაბამისად, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. უნდა დაველოდოთ, სანამ არჩევნები ჩატარდება და ვნახოთ, როგორ ჩატარდება ის. ამის შემდეგ ევროკავშირმა და გერმანიამ უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მაგრამ მოვლენები ამ დღის შემდეგ არასაიმედო გახდა. საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ მოლოდინები ვერ გაამართლა და არ გაყვა ევროკავშირის რეკომენდაციებს. ისინი წავიდნენ განსხვავებული გზით, წავიდნენ წარსულისკენ, დადგნენ რუსეთთან ახლოს. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში და არც ისე დიდი ხნის წინ ეს ვნახეთ საქართველოშიც. ჩემი რწმენით, საქართველო არა მხოლოდ ევროპის ნაწილია, არამედ საქართველო უნდა იყოს ევროპული სახელმწიფოების გაერთიანების წევრიც, - ამბობს ჰაკერი. 

ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი მმართველი უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ინფორმაცია ბუნდესტაგის ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.

გერმანელი დეპუტატები რეზოლუციის ტექსტში 26 ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხებიან და წერენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები "იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ".

 

მსგავსი სიახლეები