ჩვენ არჩევნებამდე პრემიერ- მინისტრობის კანდიდატის დასახელების პრობლემა არ გვაქვს - გვარამია

11.10.24 19:04
ჩვენ არჩევნებამდე პრემიერ- მინისტრობის კანდიდატის დასახელების პრობლემა არ გვაქვს - გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია კვლავ არ აკონკრეტებს, პრეზიდენთან შეხვედრის დროს, იყო თუ არა საუბარი კონკრეტულ გვარებზე და სახელებზე, თუმცა ამბობს , რომ მათ არჩევნებამდე პრემიერ- მინისტრობის კანდიდატის და გარდამავალი ადმინისტრაციის დასახელების პრობლემა არ აქვთ.

გვარამია იმედოვნებს, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება და ყველა ერთად გამოსავალს აუცილებლად იპოვის.

კვანძი სწრაფად გაიხსნება, ეს დაუსრულებელი პროცესი ვერ იქნება, თან არჩევნების რეჟიმში ვართ და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იქნება დინამიური. არჩევნებამდე აუცილებლად მოხდება მეტი ინფორმაციის გაცხადება პრეზიდენტი მხრიდან. განსხვავებული ფორმატი იყო, ეს გარკვეულწილად ცვლის მოცემულობას. ჩვენ მოვისმინეთ რაც მოხდა, ერთმანეთში დაგვჭირდება მსჯელობა, რადგან მე კოალიციას წარმოვადგენ და ჩემს კოლეგებთანაც უნდა გავიარო.

ჩვენ არ გვაქვს პრობლემა არჩევნებამდე პრემიერი მინისტრობის კანდიდატის დასახელების და გარდამავალი ადმინისტრაციის. ვხედავ, ტერმინი - “მთავრობა“ ცოტა აშინებს პოლიტიკოსებს და ეს გასაგებია, ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ გარდამავალ ადმინისტრაციაზე, რომლის უფლება-მოსილების ხანგრძლივობა იქნება ერთ წელზე ნაკლები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს, თუ ეს გამოიწვევს მეტ კონსოლიდაციას საზოგადოებაში და გაზრდის არჩევნების და პოლიტიკური ძალების მიმართ ნდობას. 

პრეზიდენტი ჩვენ არ გვითანხმებს რას გააკეთებს, მან შემოგვთავაზა ქართული ქარტია, ჩვენ ეს მივიღეთ და ხელიც მოვაწერეთ, ახლა ის თუ ჩათვლის საჭიროდ ქარტიის შესრულების შეფასებას მისი მხრიდან, იმგვარად შეაფასებს, ჩვენ ჩვენი დამოკიდებულებები გვაქვს, მაგრამ ვნახოთ პროცესი როგორ განვითარდება. იმედი მაქვს, პრობლემას გავუძლებთ და გამოსავალს ვიპოვით ყველა ერთად“, - განაცხადა გვარამიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დაუსახელებია საქართველოს პრეზიდენტს მისთვის სასურველი პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გვარამიამ უპასუხა, რომ “რომც დაესახელებინა, არ იტყოდა მაინც, რადგან დახურული შეხვედრა იყო.“ 

ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა დასრულდა - ოთხივე პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა ორბელიანების სასახლე უკვე დატოვა.

შეხვედრიდან გამოსული ხელისუფლების ოპონენტები მედიასთან ამბობენ, რომ დღეს პრეზიდენტთან პოზიციები შეაჯერეს, თუ როგორ შეიძლება "ქართული ქარტიის" პრინციპების დაცვა და მისი თითოეული პუნქტის განხორციელება.

მსგავსი სიახლეები