ეუთო/ოდირი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

11.10.24 20:39
ეუთო/ოდირი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო - სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ეუთო/ოდირი) შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ეუთო/ოდირის 26-გვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ "საარჩევნო პროცესი დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების, უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შფოთის ფონზე მიმდინარეობს"

დოკუმენტში ნათქვამია, რომ "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რამდენიმე რეკომენდაცია კვლავაც შეუსრულებელია, მათ შორის ის რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობას, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, საარჩევნო კამპანის წარმართვასა და დაფინანსებას, საარჩევნო კამპანიის მედიასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის ჩარჩოს გაძლიერებას შეეხება".

ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში, პროცესში ჩართული ბევრი მხარე საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნიკური და ორგანიზაციული კომპეტენციების მიმართ ნდობის გამოხატავის მიუხედავად ზოგიერთი დაინტერესებული მხარე შეშფოთებას გამოთქვამდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივების, ოპოზიციის მიერ არჩეული კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციის გაუქმებისა და კომისიის წევრების არჩევის ახალი მეთოდის შესახებ, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულია დებულებები, რომლებიც სახელმწიფოს ავალდებულებს გენდერული თანასწორობის უზუნველსაყოფად განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგას, 2024 წელს მიღებული ცვლილებებით გაუქმდა საარჩევნო სიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება სხვა საკანონმდებლო ზომებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისკენ იყო მიმართული. აღნიშნულ ცვლილებას, ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში, პროცესში ჩართული რამდენიმე დაინტერესებული მხარე აკრიტიკებს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე მისი პოტენციური უარყოფითი ზეგავლენის გამო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტომბრის მონაცემების თანახმად სულ 1 185 კანდიდატია. ქალებს 3 სიაში უჭირავთ წამყვანი ადგილები და კანდიდატთა საერთო რაოდენობის 29%-ს შეადგენენ.

სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს უწოდებს. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბარში პროცესში ჩართული ზოგიერთ დაინტერესებული მხარე შეშფოთებას გამოთქვამდა დაშინების ტაქტიკის გამო, რაც სავარაუდოდ მათი საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებისა და, ასევე, ამომრჩევლების წინააღმდეგ იყო მიმართული სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერებისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან, - წერია ანგარიშში.

ამასთან, ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში ანტიკორუფციული ბიუროს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიც არის შეტანილი. კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, "27 აგვისტოს და 24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ რამდენიმე ორგანიზაცია და ფიზიკური პირი „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ გამოაცხადა, დაადგინა რა, რომ მათ მიერ წარმოებული კამპანია ოპოზიციის გზავნილებს ეხმიანებოდა. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა ბევრმა დაინტერესებულმა მხარემ აღნიშნა, რომ ამგვარი სახელდება პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია".

ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ მედიაგარემოზეც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "მედიის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამოქალაქო ცილისწამების შესახებ არაერთი საქმის განხილვა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მიმართული მუქარები კვლავაც აქტუალურია".

მსგავსი სიახლეები