პრეზიდენტმა გამართული შეხვედრებიდან საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბა და დღეს ყველას გაგვიზიარა - კორძაია
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერ ლიდერებთან გამართული კონსულტაციების ფონზე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ 11 ოქტომბერს, ათონელის რეზიდენციაში მიწვეულმა პოლიტიკოსებმა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მოისმინეს.
კერძოდ, თამარ კორძაიას განმარტებით, პრეზიდენტმა ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს საკუთარი თვალთახევდა გააცნო იმ შეხვედრებთან დაკავშირებით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ბოლო კვირაა ოპოზიციურ სპექტრთან აწარმოებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს, თუ რას მოიცავდა პრეზიდენტის პოზიცია, თუმცა ამბობს, რომ პროცესი დასრულებული არ არის და კვლავ გრძელდება.
მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც პრეზიდენტის ირგვლივ ხდება. მე გავიგე ასე, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ცალკე შეხვდა, ყველას მოსაზრებები მოისმინა, შეაჯერა, საკუთარი პოზიცია ჩამოიყალიბა და დღეს ყველას გაგვიზიარა თავისი დასკვნა ამ შეხვედრებიდან. ამ ყველა შეჯერებული პოზიციიდან პრეზიდენტმა საკუთარი ვერსია წარმოადგინა. პროცესი გრძელდება და ვნახოთ, როგორ დასრულდება", - ამბობს კორძაია.
ამასთან, თამარ კორძაია პრემიერობის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით საუბრობს და ვარაუდობს, რომ საკითხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა გადაიწიოს.
ჩემი აზრით, თუ ოთხი სუბიექტის საერთო თანხმობა არ იქნა, არ მგონია, რომ პრეზიდენტმა პრემიერი დაასახელოს. ეს ისევ მიდის იქამდე, რომ პრემიერის დასახელებამ არჩევნების შემდეგ უნდა გადაიწიოს. მე მგონია, რომ პრეზიდენტი არ დაასახელებს, თუ საერთო თანხმობა არ იქნება", - ამბობს კორძაია.
ცნობისთვის, დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრას კოალიცია "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ცვლილებებისთვის" წარმომადგენლების ესწრებოდნენ.