კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს ისევ იმპიჩმენტით ემუქრება

12.10.24 11:54
კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს ისევ იმპიჩმენტით ემუქრება

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს ისევ იმპიჩმენტით ემუქრება - ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ როდესაც ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩაინიშნება, სალომე ზურაბიშვილი მეორე დღესვე აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე.

კობახიძის მტკცეით, სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტის წესით მოუწევს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება. 

პრემიერმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს.

„ეს ერთგვარი წინასაარჩევნო პიარული ტრიუკებია, თუმცა, არავითარი ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეიტინგის გათვალისწინებითაც და მთლიანად, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეიტინგის გათვალისწინებით. ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, როდის ჩაინიშნება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, მეორე დღესვე, სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან მას იმპიჩმენტის წესით მოუწევს დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. რა თქმა უნდა, იმპიჩმენტს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ერთ თვეში მაინც გაუვიდოდა სალომე ზურაბიშვილს ვადა, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ იმპიჩმენტის გარეშე არ დატოვოს თანამდებობა, კონსტიტუციის დამრღვევმა პრეზიდენტმა სწორედ იმპიჩმენტით უნდა დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა, რასაც ქართველი ხალხი უზრუნველყოფს, რომელიც შესაბამის მანდატს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები