საარჩევნო უბნის გახსნა სტრასბურგში - ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნას უარით პასუხობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის უარი სალომე ზურაბიშვილს - სტრაბსურგში მცხოვრები 400-მდე ემიგრანტი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს. გიორგი კალანდარიშვილი ფიქრობს, რომ საარჩევნო უბნის გახსნა ფრანგულ ქალაქში შეუძლებელია.
კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდების საპასუხოდ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ინსტიტუცია არა პრეზიდენტის, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს".
ცესკოს თავმდჯომარემ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნების გახსნის შესაძლებლობა არსებობს, მანიპულაციური უწოდა.
ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე და ეს გახლავთ ის დათქმა, რომელიც აუცილებელია საარჩევნო უბნის შექმნისთვის, შესაბამისად, სადაც კი ასეთის შესახებ მოგვეწოდა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ინსტიტუციამ კანონით იმოქმედა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მეტსაც გეტყვით, რომ არა ცესკოს წევრების სათანადო მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანზე 65 ათასი ამომრჩეველი რჩებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღმა.
ამასთანავე, ის რომ ცესკო ყოველთვის მოქმედებს და იმოქმედებს კანონმდებლობით, დასტურია ცესკოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ჩვენ მივიღეთ დადგენილება საგამონაკლისოდ განახლებული ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე დამატებით 7 საარჩევნო უბნის შექმნასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთანავე, ინდიკაცია იმის თაობაზე, რომ ცესკო მოწოდებულია, რომ თანაბარი სერვიზები იქნას შეთავაზებული და ამასთანავე კანონის აღსრულება იყოს უზრუნველყოფილი სათანადოდ და ამასთანავე, მაქსიმალურად დავიცვათ საარჩევნო უბნები გაუქმების რისკისგან, ჩვენ მივიღეთ გუშინ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ ადამიანური რესურსი, კომისიის წევრთა რაოდენობა ჩამოსცდება გარკვეულ მინიმალურ რაოდენობას, იყოს შესაძლებლობა, რომ დარჩენილი რაოდენობა გარდაიქმნას სპეცჯგუფებად და ისინი მოემსახურონ ჩვენს ძვირფას ამომრჩევლებს უცხოეთში.
ეს არის ყველა ის ასპექტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ცესკო მოქმედებს კანონსა და ამომრჩევლების უმაღლესი ინტერესებიდან გამომდინარე და ამასთანავე, მინდა დამატებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ სტრასბურგთან დაკავშირებით იმის გამო, რომ მანიპულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მომსპარიყო, მივმართეთ განმარტების წარმოდგენის თაობაზე იმ მიზეზების შესახებ და პირველ რიგში იმის შესახებ თუ რა სტატუსს ატარებს ის ლოკაცია, რომელიც გარკვეული ყურადღების ქვეშ მოექცა და მინდა აღვნიშნო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ეს არის მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციაში და იქ ვერ განთავსდება საკონსულო მიმართულებით შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენელი, რაც თავის მხრივ, გახდა საფუძველი, რომ საფრანგეთის შემთხვევაში მხოლოდ მოწოდებული ყოფილი პარიზის საარჩევნო უბანი. დღეს ჩვენ ვხედავთ არაერთი ჩართული მხარის მხრიდან, არაერთ მანიპულაციურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი, მაშინ როდესაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა სამართლებრივიდან საკითხი გადავიდეს პოლიტიკურ სივრცეში და მხოლოდ უსაფუძვლო მოტივებით ხორციელდებოდეს ინსტიტუციაზე ზეწოლა და აღქმის შექმნა თითქოს ინსტიტუციას აქვს იმის შესაძლებლობა და ის არ ქმნის საარჩევნო უბანს სტრასბურგში. სადაც კი ამის შესაძლებლობა იყო ჩვენ მივიღეთ სატანადო ზომები."- განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრი, ანა კობახიძე კი სტრასბურგში საარჩევნო უბნის არ გახსნას პოლიტიკური ნების არქონას უკავშირებს.
სტრასბურგში რომ უბანი გახსნილიყო, ეს იქნებოდა ძალიან კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორ იმუშავედნენ კოორდინირებულად საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია. თუმცა ეს რომ არ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობდა ამ დრომდე და არ არის პოლიტიკური ნება, თორემ ნების შემთხვევაში, აი მაგალითად პრეზიდენტის ადმინისტარცია დაელაპარაკებოდა იმ მხარეს, მოგვარდებოდა შენობის საკითხი და გაიხსნებოდა უბანი", - განაცხადა ანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცესკოს მოუწოდა, სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიეღო.