დარჩიაშვილის მინისტრობის პერიოდი საქართველოს დიპლომატიის ისტორიიდან ამოსახევი იქნება - დათუნაშვილი

12.10.24 17:42
დარჩიაშვილის მინისტრობის პერიოდი საქართველოს დიპლომატიის ისტორიიდან ამოსახევი იქნება - დათუნაშვილი

"ილია დარჩიაშვილის მინისტრობის პერიოდი საქართველოს დიპლომატიის ისტორიიდან ამოსახევია" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დაუთის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს "სამარცხვინო პერსონაჟს" უწოდებს და "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ილია დარჩიაშვილი მნიშვნელოვანი შეხვედრის დეტალებს "ოროსანი ბავშვივით" მალავს.

ილია დარჩიაშვილის მინისტრობის პერიოდი საქართველოს დიპლომატიის ისტორიიდან ამოსახევი იქნება, იმდენად სამარცხვინო პერსონაჟი არის ის ქართული დიპლომატიისთვის და სირცხვილი ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ის, რომ ის მალავს შეხვედრებს, სადაც მას ოროსანი ბავშვივით ტუქსავენ იმიტომ, რომ ის იქცევა როგორც ოროსანი. ბრიტანეთი გამოირჩევა იმით, რომ ის არის ძალიან მკაფიო თავის საგარეო პოლიტიკის ნაწილში და ყოველთვის ძალიან აქტიური ისეთი ქვეყნების მხარდაჭერაში, როგორიც არის საქართველო, რომელსაც მისწრაფება აქვს დასავლეთისკენ. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს. ეს ყველაფერი დასრულდება 26 ოქტომბერს", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი პლატფორმა "X"-ზე წერს, რომ ილია დარჩიაშვილთან გამართულ აუდიენციაზე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა

სტივენ დაუთმა აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებები საქართველოს მოქალაქეების სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრები, ძირს უთხრის და ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას.

მსგავსი სიახლეები