კალაძე ამტკიცებს, რომ საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებული პარტნიორობის გაფუჭების საფუძველი არ არსებობს
თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებული პარტნიორობის გაფუჭების საფუძველი არ არსებობს.
განცხადება "ქართული ოცნების" ლიდერმა ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
კალაძე აღნიშნავს, რომ სტივენ დაუთის განცხადება არ უნახავს, თუმცა ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მშვიდობაა და დემოკრატიის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯები არსებობს.
მე არ მინახავს, გაქვთ ეს ინფორმაცია? პირველად მესმის აღნიშნული. არ მინახავს, ამიტომ გამიჭირდება, შინაარსში შევიდე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, დემოკრატიული თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი. სად ხედავთ, ვისზეა ზეწოლა, რა ზეწოლა არის. ერთი არგუმენტი მითხარით აბა. მე შემიძლია თქვენზე მოვიგონო ძალიან ბევრი აბსურდი, მაგრამ ამის არგუმენტი და საფუძვლები ხომ უნდა მქონდეს. ერთი ფაქტი, ერთი არგუმენტი მითხარით.
რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში. გადახედეთ წინა არჩევნებს, ასეთი დასკვნა არასდროს არ გამოქვეყნებულა. რეალობა არის ის, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში", - ამბობს კახა კალაძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი პლატფორმა "X"-ზე წერს, რომ ილია დარჩიაშვილთან გამართულ აუდიენციაზე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.
სტივენ დაუთმა აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებები საქართველოს მოქალაქეების სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრები, ძირს უთხრის და ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას.