ევროპაში არ არის სახელმწიფო, რომელიც ხელს ჩამოართმევს ბიძინა ივანიშვილს - ბეჟაშვილი
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან შეხვედრებს მალავს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას ცივილიზებულ სამყაროში ხელის ჩამომრთმევიც კი აღარავინ დარჩა.
აშკარაა, რომ "ოცნების" ხელისუფლება მალავს თითოეულ ასეთ შეხვედრას ჩვენ დასავლელ პარტნიორთან, ევროპულ წამყვან სახელმწიფოებთან, სადაც ისინი აფრთხილებენ უკვე, რომ მიუღებელია ის პოლიტიკა, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. შეფასებები არის ძალიან მკაცრი და ცალსახად და ერთმნიშვნელოვანია. დღეს ევროპის წამყვან სახელმწიფოებში არ არის სახელმწიფო, რომელიც ხელს ჩამოართმევს ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი პლატფორმა "X"-ზე წერს, რომ ილია დარჩიაშვილთან გამართულ აუდიენციაზე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.
სტივენ დაუთმა აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებები საქართველოს მოქალაქეების სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრები, ძირს უთხრის და ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას.