პრეზიდენტი: ვაპირებ, არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობა წარვადგინო

12.10.24 20:11
პრეზიდენტი: ვაპირებ, არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობა წარვადგინო

პრეზიდენტი ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის კანდიდატსაც 26 ოქტომბრამდე წარუდგენს საზოგადოებას. 

როგორც საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებამდე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი, იმაზე, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნდეს.

მას დღეს გვარები არ დაუსახელებია თუმცა თქვა, რომ არცერთ მათგანს პოლიტიკური წარსული არ ექნება. 

ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა. რადგან საზოგადოების დაკვეთა არ არის, რომ პოლიტიკოსებმა ისევ გადაინაწილონ მანდატები და მთავრობა შექმნან, ამ ეტაპზე, ამ გარდამავალ ეტაპზე და შევქმნა ეს ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ აღმასრულებელი მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ რაღაც თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ ანუ ევროპის კარებთან.

ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და მე ვთვლი, რადგან ჩემი წარსადგენია, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს სწორედ ამ მთავრობას, პარლამენტის კონტროლის ქვეშ ცხადია, პოლიტიკური პარტიების კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ ქარტიის გზაზე. 

ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არა, ვინც არ ეთანხმება, შეუძლიათ წაიღონ უკან ხელმოწერა, საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან“, – თქვა ზურაბიშვილმა.

შესავალ სიტყვაში პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ "ყველაფერი კარგადაა, ქარტია შედგა"

14 დღე დარჩა არჩევნებამდე და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ რომ რეალურად, მე რაც პირობა დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია რომ შესრულებულია - ქარტია შედგა. ეს ჩვენი სამოქმედო გეგმაა, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს, და გარანტია მივცეთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და წინსვლას.

მსგავსი სიახლეები