გახარიას გუნდი დიმიტრი ხუნდაძის გარემოცვას მათი თანაპარტიელის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს
პარტია "საქართველოსთვის" დიმიტრი ხუნდაძის გარემოცვას მათი თანაპარტიელის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ამის მიზეზი გახარიას გუნდის მიერ ქსანში ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია გახდა.
ნათია მეზვრიშვილის განაცხადებით, გიორგი მურჯიკნელმა მათი თანაგუნდედელის ლია ყოჩიაშვილის ავტომობილით გატანა სცადა.
ოპოზიციონერი ლიდერი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, გამოძიება სწორი კვალიფიკაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყონ. მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებასაც" მიმართავს და მოუწოდებს, გახარიას გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლა შეწყვიტონ.
როგორც მოგეხსენებათ, "ოცნება" საზოგადოებას ყოველდღიურად ატყუებს, რომ თითქოს წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში. როგორც ჩანს, კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფებას მშვიდ გარემოდ მიაჩნია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიზანში ამოღება. რეალურად, ჩვენი მისამართით კამპანია არც სამართლიანია, არც მშვიდობიანი და ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას აქვს ადგილი. ჩვენ შეზღუდული გვაქვს მედია, ჩვენ შეზღუდული გვაქვს უფასო პოლიტიკური რეკლამა, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, კამპანიის მიმდინარეობისას აბსოლუტურად ყველგან სუსი გვითვალთვალებს.
გუშინ უკვე უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს ქსანში, დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებული და კრიმინალური დაჯგუფების მიერ, ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენლის, ლია ყოჩიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად ამხელს დიმიტირი ხუნდაძეს კორუფციაში, შეეცადა ხუნდაძის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი მურჯიკნელი, შურისძიების მიზნით ავტომანქანა დაეჯახებინა. თქვენ, რომ მიხვიდეთ შემთხვევის ადგილზე და ნახოთ, ეს არის ძალიან ვიწრო ქუჩა, ძალიან დიდი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა განზრახ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლია ყოჩიშვილი ჩვენს დეპუტატ, შალვა კერესელიძესთან ერთად წინა დღეს ქსანში იმყოფებოდა და ატარებდა წინასაარჩევნო კამპანიას, დიდი სისწრაფით მომავალი მურჯიკნელი დამიზნებით შეეცადა, რომ მანქანა დაეჯახებინა. პრაქტიკულად, ადამიანს კლავდნენ იმიტომ, რომ მან გაბედა და ფეოდალ დიმიტრი ხუნდაძის სამფლობელოში წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა.
წინა დღესვე, როცა კამპანია მიმდინარეობდა, ხუნდაძის დაჯგუფების წევრი, ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარი ჯიქია, სოფლის რწმუნებული გიორგი ალავერდაშვილი „ოცნების“ წარმომადგენლებს ამობილიზებდნენ და ახორციელებდნენ ადგილზე თვალთვალს და შემდგომ უკვე მეორე დღეს, ლია ყოჩიშვილის მიმართ ეს დანაშაული მოიყვანეს სისრულეში. ადგილი ჰქონდა, პრაქტიკულად, მკვლელობის მცდელობას, ლია ყოჩიშვილი უკან, რომ არ დახეულიყო და კედელს არ აყუდებოდა, ამ ადამიანს მანქანა გაიტანდა.
შემდგომ მანქანიდან გადმოვიდნენ ამ დაჯგუფების წარმომადგენლები, განახორციელეს მასზე მუქარა, შემდგომ მას შემოუერთდნენ ამ კრიმინალური დაჯგუფების სხვა წარმომადგენლები და უნდოდათ, რომ ოჯახის წევრები წამოეგოთ ამ ძალიან მძიმე პროვოკაციაზე.
მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, პირველ რიგში, თქვენთვისვე აჯობებს, რომ დანაშაულზე გამოძიება წარმართოთ სწორი კვალიფიკაციით, მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით. მოვუწოდებ „ოცნებას“, შეწყვიტონ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ კამპანიის ხელშეშლა, დაგვითმონ ეთერები. შეწყვიტონ ამ უმძიმესი დანაშაულებების ჩადენა. ამ დანაშაულებებზე საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას.
თუ ახლა, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს პირობებში ყველა ადამიანი, ვინც დავასახელე და მათი დაჯგუფების წევრები თუ უმკაცრესად არ დაისჯებიან, ჩვენ მათ ვპირდებით, რომ გაცილებით მძიმე და მკაცრი სასჯელი ელოდებათ თავისუფალი მართლმსაჯულების პირობებში, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.