იაფფასიანი რუსული მეთოდებით გვებრძვიან - ნადირაძე ენმ-ს ოფისის დარბევაზე
იაფფასიანი რუსული მეთოდებით გვებრძვიან, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე პარტიის ვარკეთილის ოფისის დარბევას.
ოპოციონერი ლიდერის თქმით, ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხელისუფლება არჩევნებს აგებს და ამგვარ იაფფასიან მეთოდებს მიმართავს. ნადირაძე დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელებს ზურგს სუსი და პოლიცია უმაგრებს, ამიტომ დანაშაულს თამამად სჩადიან.
ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს არჩევნებს აგებს, აგებს პირწმინდად. იციან, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია აქვთ იგივე სამგორში, იგივე ვარკეთილში და ხედავენ იმ მრავალათასიან შეხვედრებს, იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვს მიხეილ სააკაშვილს პარტიას და ცდილობენ, ამ იაფფასიანი რუსული მეთოდებით ებრძოლონ პროდასავლურ ოპოზიციას. ცალკე აღებული ამას „ქართული ოცნებაც“ ვერ იზამდა, რომ არ ჰქონდეთ სუსის, პოლიციის და ძალოვანებიც ზურგი, რითაც თამამად მოქმედებენ, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
თბილისში, ვარკეთილში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. ფოტოებში, რომელიც ადგილიდან ვრცელდება, ჩანს დარბეული ოფისი. ჩამტვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია ინვენტარი. ოთახში მისხმულია წითელი საღებავიც.
აღსანიშნავია, რომ შსს-ს მომხდარზე გამოძიება ჯერ არ დაუწყია.