ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს ვარკეთილის ოფისის დარბევის დამკვეთს ასახელებს

13.10.24 17:34
ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს ვარკეთილის ოფისის დარბევის დამკვეთს ასახელებს

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პარტიის ვარკეთილის ოფისის დარბევაში სოზარ სუბარის ხელს ხედავს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ სწორედ სუბარია ამ დანაშაულებრივი დავალების გამცემი.

ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ისეთ რთულ მდგომარეობაშია, რომ ყველაფერზე მიდიან. 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ესმოდეს, რომ ამ დავალების გამცემი გახლავთ სოზარ სუბარი. სამგორის რაიონში ის არის მთავარი კრიმინალი, რომელი ასეთ დავალებებს იძლევა. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ სოზარ სუბარს, როგორ მოხდა ეს კრიმინალური ფაქტი, რადგან მისი ხელქვეითები დაბალ დონეზე თავს იმართლებენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. ძალიან შეშინებულები არიან კომუნიკაციის დროს, რადგან ასეთი რამე ვარკეთილში ძალიან მძიმე საყურებელია, მათ შორის ამომრჩევლისთვის. 

რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა 2000 კაციანი შეხვედრა ისან-სამგორის მოსახლეობასთან, გუშინაც ძალიან დიდი შეხვედრა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“  და აქედან გამომდინარე, იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. 

კამპანიის დროს ჩვენ ვსაუბრობთ პენსიაზე, ევროკავშირის პასპორტზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, საპროცენტო სესხების განაკვეთების დაწევაზე და ადამიანებს ვთავაზობთ ასეთ თემებზე დისკუსიას, თუმცა საზოგადოება ხედავს, რომ ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ხელისუფლება, რომ მთლიანად შეცვალოს საარჩევნო გარემო. ეს არის გაგიჟებული ადამიანის ქცევა - ქვების სროლა, ბოთლების სროლა, საღებავების. 

მე რაც ვნახე ახლა, სოზარ სუბარის და ვანიშვილის სახელები აწერია და საზოგადოებამ ისედაც იცის მათი სახელები და შესაბამისად, მოვუწოდებ მათ, რომ თავის ოფისებთან დაწერონ პირდაპირ, ჩვენთან ნუ მოდიან. ვფიქრობ, ის სტენსილები რაც გააკეთეს, კარგად ასახავს მათ სახელსაც და გვარსაც და კობახიძესაც უხდება, ამიტომ მისსავე ამომრჩეველს ელაპარაკონ ასე.

ჩვენ გავაგრძელებთ კამპანიას, ყველა ოჯახში მივალთ, ყველა მოქალაქესთან მივალთ და ვეტყვით, რომ ეს ქვასროლია არანორმალური ხალხი უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში. 

სოზარ სუბარი არის, ფაქტობრივად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მაჟორიტარია აქ, მოპარული მანდატი აქვს. მე რაც მსმენია მისი ხელქვეითები არიან სოხაძე და ა.შ. ოღონდ ეს ხალხი უარყოფს ამ კავშირს და სინანულით ამბობენ, რომ მათ ეს არ ჩაუდენიათ. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოხდა სოზარ სუბარის დავალებით, რადგან არჩევნების წინ სწორედ ის გასცემს ასეთ დავალებებს და ციხიდან ადამიანების ვაჭრობითაც კი არიან ხოლმე დაკავებულები და ასეთ დავალებებს რომ აძლევდნენ სუს-ის „ნასედკებს“, ამიტომ სოზარ სუბარი არის მთავარი დამკვეთი, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისში, ვარკეთილში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. ფოტოებში, რომელიც ადგილიდან ვრცელდება, ჩანს დარბეული ოფისი. ჩამტვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია ინვენტარი. ოთახში მისხმულია წითელი საღებავიც. 

შემთხვევა გამთენიისას მოხდა, თუმცა ამ დრომდე დანაშაულის ადგილზე შსს-ს თანამშრომლები არ გამოჩენილან.  

მსგავსი სიახლეები