კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ "ოცნება" შეშინებულია - სოფო ჯაფარიძე ენმ-ს ოფისის დარბევაზე
ნათელი მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ 26 პქტომბრის არჩევნებში მარცხდება, - ასე აფასებს ენმს ვარკეთილის ოფისის დარბევას "ერთიანობის" ლიდერი სოფო ჯაფარიძე. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მსგავსი ქმედებებით ისინი ვერ დაშინდებიან და პირიქით, კიდევ უფრო მეტი შემართებით იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.
ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ დიახ, „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათ ზუსტად იციან, რომ 26 ოქტომბერს მათი დრო დასრულდება, დარჩა სულ 13 დღე. არიან შეშინებულები, ეს არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის შეშინებული სახე, მაგრამ ნუ ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ, გაგვაჩერებენ. პირიქით, ვივლით წინ, ვივლით გამარჯვებისკენ და დიახ, ერთიანობით გავიმარჯვებთ. თუ კი ვინმესი ეშინია დღეს ივანიშვილის, ეშინია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, რადგან იცის, რომ გამორჩეულად ძლიერები ვართ, გამორჩეულად ერთიანები ვართ და ამიტომ თავდასხმები არ სრულდება ჩვენ კოალიციაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერ გაგვაჩერებენ, ბრძოლა გრძელდება ბოლომდე და 26 ოქტომბერს აუცილებლად ერთობლივი ძალისხმევით დავასრულებთ რუსულ მმართველობას საქართველოში, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
თბილისში, ვარკეთილში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. ფოტოებში, რომელიც ადგილიდან ვრცელდება, ჩანს დარბეული ოფისი. ჩამტვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია ინვენტარი. ოთახში მისხმულია წითელი საღებავიც.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა, თუმცა ამ დრომდე დანაშაულის ადგილზე შსს-ს თანამშრომლები არ გამოჩენილან.