რუსეთმა, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა

14.10.24 11:20
რუსეთმა, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა - ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია ТАСС მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

პუტინის რეჟიმი ორივე მათგანს ყირიმის ხიდის აფეთქებას ედავება. ინასარიძისა და ანდრეიჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთმა 2024 წლის 14 თებერვალს აღძრა. 

პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, საქმის მასალებში წერია, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს "დაუდგენელი თანამზრახველები" ჰყავდათ. დოკუმენტის თანახმად, ინასარიძეს "ტერაქტის" მოწყობა, "პირების ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით ასაფეთქებელი საშუალებების უკანონოდ შეძენა" და "ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ასაფეთქებელი საშუალებების კონტრაბანდა" ედება ბრალად. რაც შეეხება სერგეი ანდრეიჩენკოს, რუსეთი მას ასევე "ტერაქტის" მოწყობაში ადანაშაულებს.

როგორც ТАСС წერს, ინასარიძეს პატიმრობა 2024 წლის მარტში სასამართლო საქმეზე დაუსწრებლად მიესაჯა. 

რა მოხდა 2023 წლის 8 ოქტომბერს?

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც მისი საავტომობილო ნაწილის ორი ღობე ჩამოინგრა და რკინიგზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არავის აუღია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ მის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.

ყირიმის ხიდის აფეთქების რუსული ვერსია და საქართველო

პუტინის რუსეთში ამტკიცებენ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ფიგურირებდა სატვირთო, რომელიც ბულგარეთიდან საქართველოში შემოვიდა და სომხეთში განბაჟებული ტვირთი მიჰქონდა. 12 ეჭვმიტანილიდან, რუსეთის განცხადებით, 8 უკვე დაკავებულია, ხოლო კიდევ 4-ს ეძებენ, მათ შორის - საქართველოს 2 მოქალაქეს.

მსგავსი სიახლეები