მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, არ ვგულისხმობ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას - ანა ლურმანი

14.10.24 12:56
მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, არ ვგულისხმობ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას - ანა ლურმანი

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. არ ვგულისხმობ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე ქვეყანას აფერხებს, ვგულისხმობ ქართველ ხალხს რომელსაც აქვს უფლება თავისი გზა აირჩიოს", - ამის შესახებ ანა ლურმანმა, გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

ჩვენ განვიხილავთ საქართველოში არსებულ ვითარებას. სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა. ამიტომ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა ლურმანმა, რომლის კომენტარიც “პირველმა არხმა“ გამოაქვეყნა.

ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. წუთი-წუთზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოს საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ. დღის წესრიგში წერია, რომ განხილვის თემა  26 ოქტომბრის  არჩევნებია.

მსგავსი სიახლეები