“ოცნება" ილუზიაშია - ოპოზიცია

14.10.24 17:43
“ოცნება" ილუზიაშია - ოპოზიცია

საქართველოს პრემიერის მხრიდან, პრეზიდენტის იმპიჩმენტის კიდევ ერთ მუქარას არასერიოზულს და სასაცილოს უწოდებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ მთავარ იმპიჩმენტს ხალხი “ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის შემდეგ მოუწყობს და მათ ხელისუფლების დათმობა მოუწევთ.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ “კობახიძე, რომელიც ერთხელ უკვე ჩაფლავდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხში, ცდილობს, როგორმე რაღაც მოიგონოს და დაბრუნდეს მეორე წრეზე“.

კობახიძე, რომელიც ერთხელ უკვე ჩაფლავდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხში, მერე ჩაფლავდა საკუთარ ქვეყანაში, ხალხმა ორჯერ ჩააგდო სცენიდან, მერე საერთაშორისო ვიზიტებზე ჩაფლავდა, რადგან ვერცერთ მაღალჩინოსანს ვერ შეხვდა, ვერ შეასრულა ვერცერთი დავალება, რომლითაც ივანიშვილმა ის გაუშვა შტატებში. ახლა ცდილობს, როგორმე რაღაც მოიგონოს და დაბრუნდეს მეორე წრეზე, ისევ პრეზიდენტის წინააღმდეგ. ვურჩევდი მას, მოემზადოს იმპიჩმენტისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი მოუწყობს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“დამარცხებულ ძალას“ უწოდებს “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი მმართველ გუნდს და  ამბობს, რომ “ოცნებამ“ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა საკუთარი მარცხი და ილუზიაში არიან.“

არასერიოზულია და სასაცილო, როგორც ჩანს, “ოცნებას“ ილუზია აქვს იმის, ჯერ ვერ გაიაზრა, რომ დამარცხებულები არიან და 26 ოქტომბრის შემდეგ რამე სამართლებრივი და პოლტიიკური მექანიზმი ექნებათ, რომ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ და მითუმეტეს, რაღაც იმპიჩმენტის პროცედურები დააინიციირონ. რეალურად, ეს არის დამარცხებული ძალა. 26 ოქტომბერს ეს მარცხი საქართველოს მოქალაქეებმა, ყველამ ერთად უნდა გავაფორმოთ“, - თქვა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერმა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ჟურნალისტებს უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შევა. 

ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის გადაყენებას "ოცნებისთვის" მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამასთან, პრემიერი ირწმუნება, რომ არჩევნების შემდეგ ნოემბერ-დეკემბერში სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან ასზე მეტი ხმით გადააყენებენ. 

 

მსგავსი სიახლეები