ბორელი: არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება
ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხზე მსჯელობა დასრულდა - შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა, რომელმაც აუდიენციის დროს განხილულ საკითხებზე იმსჯელა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, "ივანიშვილის ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპულ გზიდან აშორებს". მეტიც, ჯოზეფ ბორელის შეფასებით, "მმართველი პარტიის მოქმედებები ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს, რამაც ქვეყნის ევროინეტგრაციის პროცესი დე ფაქტო შეაჩერა".
ამასთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოში დაგეგმილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები "გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქვეყნის დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის".
საქართველო უფრო დამთრგუნველ სურათს წარმოადგენს. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, რომ ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გადაწყვეტილებას კომისია იღებს. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ცნობისთვის, დღეს, 14 ოქტომბერს, ლუქსემბურგში, ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებმა საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს. კერძოდ, განხილვის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო.