"გორის დღეზე" მისულ ხალხს "ოცნების" პროპაგანდა მოასმენინეს
„გორის დღეზე„ მისულ ხალხს გართობის ნაცვლად სცენიდან “ქართული ოცნების” პროპაგანდა მოასმენინეს. მმართველი პარტიის ლიდერების აგიტაციას ხალხის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილმა ღონისძიება დატოვა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე "ქართული ოცნების" კანდიდატები იყვნენ მიწვეულები. ამის გარდა, ტერიტორია, სადაც ღონისძიება გაიმართა, საგანგებოდ ოპოზიციის სააგიტაციო მასალისგან მოასუფთავეს.
ოპოზიციის შეფასებით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მყოფმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა საარჩევნო კოდექსის 45 მუხლი დაარღვიეს, რაც 2 ათასიდან 4 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
გორის სახალხო დღესასწაული ხელისუფლებამ გადააქცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად, რაც არის ცალსახად კანონის დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სცენაზე ღონისძიებაზე გამოიყვანეს პროპორციულ სიაში მყოფი დეპუტატობის კანდიდატები და მანამდე მთლიანად სცენა და სცენის მიმდებარე ტერიტორია მოასუფთავეს ოპოზიციური პარტიების სააგიტაციო მასალისგან. ეს არის კანონის უხეში დარღვევა. მივმართავთ ცესკოს, რომ დასაჯოს პოლიტიკური სუბიექტი „ქართული ოცნება“ ამ ცალსახა დანაშაულისთვის, - ამბობს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი ბალიაშვილი.
გორის დღემდე იყო კასპის დღე, რომელსაც ასევე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდა. იურისტები აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საქალაქო დღესასწაულები საკუთარ პარტიულ აგიტაციად გადააქცია.