სამწვადე, ლუდი, საწვავის ტალონები - მოქალაქეები "ოცნებას" ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ამხელენ (ვიდეო)

16.10.24 13:45
სამწვადე, ლუდი, საწვავის ტალონები - მოქალაქეები "ოცნებას" ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ამხელენ (ვიდეო)

 

 

წინასაარჩევნოდ "ოცნებას" ამომრჩევლის მოსყიდვასა და ზეწოლაში სულ უფრო მეტი ადამიანი ამხელს. "ტვ პირველს" უკვე არაერთი ადამიანი დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნული ფაქტების შესახებ ყვება. 

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მოქალაქემ "პირველებს" მიაწოდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა აფრიკის დასახლებაში სამწვადეები და ლუდი დაარიგეს. 

ისანი სამგორი-რაიონში, კონკრეტულად აფრიკის დასახლებაში „ქართულმა ოცნებამ“ დაარიგა 5 კგ-მდე სამწვადე და 10 ლიტრამდე ლუდები. კონკრეტული პირი, „ოცნების“ მხარდამჭერი ურიგებდა სამწვადეს და ლუდს. აქაურ მაცხოვრებლებს, მეც შემთხვევით გავიგე. ხალხს აგროვებენ, შეკრებებზე მიჰყავთ. სამწუხაროდ, უარზე არიან ადამიანები. უფრო აქტიურობენ ახალგაზრდა უბნის ბიჭები. ჰპირდებიან, თუ გავიმარჯვებთ, გასაჭირში გვერდით დაგიდგებითო. ფიზიკურად არ შემიძლია ვინაობა გაგიმხილოთ, 4 შვილის დედა ვარ, მთელი ოჯახი სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობთ, პრობლემები შემექმნება, - ამბობს მოქალაქე. 

"ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში ამხელენ ქუთაისშიც. 

ჩემი რძალი, ძმის ცოლი ისეთ სამუშაოზე მუშაობს, გამოაგდებენ იქიდან და კიდევ რა იქნება, ღმერთმა იცის. მანქანა ჰყავს და მიდის და მოდის და ქუთაისში ხდება ეს ამბავი. გასულა, მოკლედ, ეს ბიჭი და სავარაუდოდ, რომ შეხედა, რომ ახლა ამასაც მანქანა ჰყავს და იმდენი საშუალება არ აქვს, უთხრა, რომ მომეციო პირადობის მოწმობა თქვენიო და 10 ლიტრიანი ბენზინის ტალონს მოგცემთო. ჩემმა რძალმა „არავითარ შემთხვევაშიო, ან 10 ლიტრიანი ბენზინის ტალონი რა არისო და მოკლედ, გატრიალდა ეს ბავშვი და წავიდა.

არის კიდევ თამარ მეფის ქუჩაზე, ვიცი ნამდვილად, ადრე იყო პროფესიული სასწავლებელი და ის ქალი, რამდენადაც ვიცი, დამლაგებლადაც მუშაობს და თან იმ ქუჩაზე ცხოვრობს და დადის და ასე, სთხოვს ყველას, რომ „პირადობა, პირადობა, პირადობაო...“ იქ ახლობლები ცხოვრობენ ჩვენი და ბევრმა თქვა ძალიან. ზოგმა მისცა, ზოგმა არ მისცა. მე თვითონ, ჩემი შვილი ისეთ ადგილზე მუშაობს, რომ ვერ ვამბობ ტელეფონზე და ცუდი სიტუაციაა მართლა და ვერ ვამბობ კიდევ ყველაფერს, - ამბობს მოქალაქე. 

პერსონალური მონაცემები უკანონო შეგროვებაში მხილებულია კახა კალაძის უწყებაც. საუბარია თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ "ეკო სერვის ჯგუფზე", რომლის თანამშრომელმაც "პირველებს" გაუმხილა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ იქ დასაქმებული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემები მოითხოვა. 

ვისვენებდი და თანამშრომელი დამიკავშირდა  და სიები მოიტანეს, როგორც მითხრა და დამიკავშირდა იმ მიზნით, რომ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ასევე ოჯახის წევრების იგივე მონაცემები მიმეწოდებინა. თავიდან უარზე ვიყავი, იმიტომ, რომ როგორც ვიფიქრე, ალბათ გაყალბებას ან რაღაც მოქმედებას არ ჰქონდეს ადგილი. კი, ვუკარნახე, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, რომ არ უნდა მიმეცა მონაცემები. ჩემი პირადი მონაცემებია და არ არის საჭირო, - ამბობს კომპანიის თანამშრომელი. 

მსგავსი სიახლეები