პაპუაშვილი ვერ ასახელებს, ვისგან ელოდება სუს-ი ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას
პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ასახელებს, რას გულისხმობს სუს-ი დესტაბილიზაციის მცდელობაში და ვისგან ელოდება ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "არის მცდელობა ისეთი საინფორმაციო ველის შექმნის და დამკვირვებლების დარწმუნების, თითქოს საარჩევნო პერიოდში საქართველოში რაღაც ხდება".
მიზანი მარტივია, წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი. მიზანმიმართულად ხდება საინფორმაციო ხმაური და ისეთი საინფორმაციო გარემოს ან ველის შექმნა, რომ შეუქმნან აღქმა დამკვირვებლებს, რომ თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება საქართველოში, ადმინისტრაციული რესურსის სახით, ძალადობის სახით, თუ რაიმე ასეთი სახით. რაც შეეხება ასეთი ყალბი ჩანაწერების თუ ფაბრიკაციას ჩანაწერებისა, ეს არის, რომ შექმნან ყალბი ამბავი, რომელიც გამოიწვევს ემოციურ რეაქციებს საზოგადოებაში და შესაბამისად, მოახდენს გავლენას მათ ნების ფორმირებაზე", - აცხადებს პაპუაშვილი.
კითხვაზე თუ სუს-მა იცის, რომ ქვეყანაში ვიღაც რაღაცის გავრცელებას აპირებს და თან ქვეყანაში არეულობა იგეგმება, რატომ არ ხდება პრევენცია და სამართლებრივი რეაგირება, ამ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხი არ აქვს.
როგორც ჩანს სუს-ს აქვს ინფორმაცია, ჩათვალა საჭიროდ, რომ ის წინასწარი ინფორმაცია, რომელიც მათ გააჩნიათ ამ განზრახვებთან დაკავშირებით, გაეხადათ საჯარო. არანაირი დამატებითი ინფორმაცია მე არ მაქვს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სუს-ი ამტკიცებს, რომ კონკრეტული ჯგუფები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლების ფალსიფიცირებული აუდიო და ვიედო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.
ლილუაშვილის უწყება ირწმუნება, რომ "აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება იქნება გამოყენებული".
ოპოზიცია კი არ გამორიცხავს, რომ სუს-ი თავის დაზღვევის ოპერაციას ატარებს და კადრების გასაჯაროებას თავად აპირებს.
ხელისუფლების ოპონენტები წარსულ გამოცდილებას იხსენებენ და ამბობენ, რომ სუს-ი ყოველი არჩევნების წინ ე.წ. ადატრიალების მცდელობაზე საუბრობს, თუმცა წლები გადის და ამ საქმებზე მტკიცებულება არ ჩანს.